გია ვოლსკი ბუსა ჟვანიაზე - ძალიან მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მისი და არამხოლოდ ამ ადამიანის ტრაგედია განაპირობა იმ ისტერიულმა, ბოროტმა ატმოსფერომ, რომელიც განზრახ იქნა შექმნილი იმ პერიოდში

თუკი ბესარიონ ჟვანიაც დამნაშავეა ამ თემის ირგვლივ [ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე], ვიტყვი ერთს: ძალიან მძიმეა ეს ბრალდება, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მისი და არამხოლოდ ამ ადამიანის ტრაგედია განაპირობა იმ ისტერიულმა, ბოროტმა ატმოსფერომ, რომელიც განზრახ იქნა შექმნილი იმ პერიოდში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უწყება ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, „იმ პერიოდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მისი ქცევის მანერით, აბსოლუტურად ამოვარდა შესაძლო პოზიტიური მომავლის პერსპექტივიდან“.

„ეს ათეულობით ადამიანს ეხება და სამწუხარო იქნება, თუ ბესარიონთან დაკავშირებითაც ეს იქნება დადგენილი. ყველა მეცოდება, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაული სასჯელის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა „ძალიან დიდი ბოროტებაა“.

„გამოძიება მიმდინარეობდა ინტენსიურად, არ შეწყვეტილა. ძალიან დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი - შესანიშნავი ახალგაზრდა მოკლეს და ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, რომ რაიმე პოლიტიკურმა კონიუნქტურამ შეიძლება გადასძალოს გამოძიების სამართლიანობა და არ იქნეს ბოლომდე საკითხი მიყვანილი. დეტალებზე, რატომ არ იქნა თავის დროზე გამჟღავნებული, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, ალბათ, პროკურატურა იტყვის. ფაქტია, რომ ხარისხიანი გამოძიება მიმდინარეობს და პასუხისგების გარეშე არავინ დარჩება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა