თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ხოლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
სხდომას ძმები კაკულიები დისტანციურად ესწრებოდნენ. როგორც საქმის მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა აღნიშნა, ბრალდებულებს არ სურდათ ფიზიკურად დასწრებოდნენ სხდომას.
პროკურატურა ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ძმები კაკულიების შემთხვევაში მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას.
საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი მიიჩნევდა, რომ ბესარიონ ჟვანიას მიმართ წარდგენილი ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს გულისხმობს.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და შესაბამისად, უკვე მიმალულად ითვლება. მისივე თქმით, ჟვანია გამოძიების ფარგლებში რამდენჯერმეა გამოკითხული და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული. ასევე, როგორც ბრალდება ამტკიცებს, მან საგამოძიებო ორგანოებს სხვა მობილური ტელეფონი მიაწოდა და არა ის, რომელსაც სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენისას იყენებდა.
პროკურატურის შეფასებით, აღნიშნული გარემოებები მიუთითებს გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკზე, რადგან ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტკიცებულებებზე ან მოწმეებზე ზემოქმედების მიზნით.
გია შაიშმელაშვილის თქმით, ბესარიონ ჟვანია დანაშაულის ჩადენის პერიოდში იმყოფებოდა ნასამართლეობის მდგომარეობაში. პროკურორის განმარტებით, იგი ახალი გათავისუფლებული იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, როდესაც, ბრალდების ვერსიით, ახალი დანაშაული დაგეგმა — “ზაფხულში გათავისუფლებულმა, სექტემბერში განზრახ მკვლელობა დააორგანიზა”.
პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულისგან არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საფრთხეც.
დაცვის მხარის განცხადებით კი, ბრალდების მხარეს დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ღირებული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამივე ბრალდებულიდან რომელიმეს შემხებლობას აღნიშნულ დანაშაულთან. მათი შეფასებით, საქმეში არ იკვეთება კონკრეტული გარემოება ან ფაქტობრივი მასალა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რომელიმე მათგანის შესაძლო მონაწილეობაზე.
ადვოკატების თქმით, საეჭვოდ დაემთხვა აღნიშნული ვითარება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი გეგმავდა საპროტესტო აქციების დაწყებას იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დროულ რეაგირებას არ მოახდენდა.
მათი პოზიციით, აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული და დასაბუთებული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ კონკრეტული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის აუცილებელი, ხოლო სხვა ბრალდებულების შემთხვევაში მიზანშეწონილია წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა.