დღევანდელი ინტერპელაციის მიზანი გახლდათ გაგვეგო, რას აკეთებს რეგიონებისთვის უწყება, რომელსაც თითქმის ერთი წელი შესრულდა, რაც ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით რეგიონული განვითარების მინისტრის კახა გულედანის მოსმენაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, სამინისტრო საჯარო სივრცეში თითქმის არ ჩანდა და კონკრეტული სიახლეებით არც სოფლის, არც მთის და არც ბარის მოსახლეობისთვის გამოჩენილა.
მისი თქმით, სამინისტრო ძირითადად შიდა ბიუროკრატიული სტრუქტურების ზრდით იყო დაკავებული, მაშინ როდესაც რეგიონებში არსებული პრობლემები მოუგვარებელი დარჩა.
„სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი ნამდვილად არ გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს შექმნის დღიდან მოყოლებული არსად ჩანდით, არაფერს სიახლეებს არ ამბობდით, არც სოფლად, არც მთაში თუ ბარში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თქვენი სამინისტროს შესახებ ინფორმაციების მოძიება როდესაც დავიწყე აღმოჩნდა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენი სამინისტროს ვებგვერდის გაკეთებაც კი ვერ შეძელით. უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე გეფიქრათ, შიდა სტრუქტურის ბიუროკრატიის გაზრდით და სამსახურების დეპარტამენტებად გადაკეთებით იყავით დაკავებულები, მათ დუბლირებულ სახელწოდებებზე და ფუნქციებზე, რომ არაფერი ვთქვათ. იმ გაურკვეველ ფუნქციებს ვგულისხმობ, რაზეც კითხვები, რომ დავსვით და ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ არაკომპეტენტურად, რომ ჩათვალა და იმ კითხვებს ვგულისხმობ, დაუგეგმავად რომ დაგისვით და პასუხის გასაცემად სამინისტროს აპარატის მოყვანა, რომ დაგჭირდათ.
სამწუხაროდ, თქვენი გაკეთებული რეალური საქმეები ვერსად ვერ ვნახეთ ბიუროკრატიული და კორუფციული შემთხვევები კი ბევრგან. მაგალითად, როგორიცაა უკვე კორუფციად ქცეული რეგფონდი, სადაც ნეპოტიზმით, პოლიტიკური გავლენებით და კორუფციული ინტერესებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს პასუხსაც კი ვერ სთხოვთ და შედეგად მუნიციპალიტეტებში უამრავი დაუსრულებელი, უხარისხოდ შესრულებული და უსარგებლო პროექტებია, რომელიც არ იძლევა არანაირ საზოგადოებრივ ეფექტს და ამის გამო ათეულობით მილიონი ლარის აუთვისებელი თანხებია დარჩენილი.
მეორე მაგალითს გეტყვით: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც უკვე კორუფციის ბუდედ არის ქცეული და სოფლის რწმუნებულებისთვის, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის თუ საარჩევნო შტაბების წევრებისთვის ფულის საძიძგნ პროგრამად არის ქცეული. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ისე აქვთ უკვე ხელი ჩაქნეული, რომ კრებებზეც კი აღარ დადის.
მესამე მაგალითსაც გეტყვით რაც თქვენი უწყების მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. ეს გახლავთ მაღალმთიანი რეგიონები და მთის ფონდი, სადაც მიუხედავად თავზესაყრელი პრობლემებისა ქვა-ქვაზე არ გაქვთ დადებული და ბიუჯეტიდან სამათხოვროდ გამოყოფილ 20 მილიონ ლარსაც კი ვერ ითვისებთ ბოლომდე, მითუმეტეს ნახევარი აქედან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაქვს და დანარჩენი 10-მილიონის ათვისებასაც კი ვერ ახერხებთ. არც ფიქრობთ მთაში დაფინანსება გაზარდოთ და ხელი შეუწყოთ თითო-თითოდ დარჩენილი ადამიანების ადგილზე დამაგრებას. არც ის მიგაჩნიათ არაფრად, რომ მოქმედი მთის კანონი დიდი ხანია უკვე ვეღარ პასუხობს მოთხოვნებს და საჭიროა სახელმწიფოსგან ახალი პროგრამების, პროექტების, ახალი ვალდებულებების და პასუხისმგებლობების აღება მთაში მცხოვრები ადამიანების წინაშე. ერთი წელია, რაც სამინისტრო შეიქმნა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი სასარგებლო პროექტი ვერ შეიმუშავეთ მაღალმთიანი დასახლებების მხარდასაჭერად.
იგივე შეიძლება ითქვას ბარის სოფლებზეც, სადაც მთაზე ნაკლები მდგომარეობა უკვე ზოგიერთ ბარის სოფლებშიც აღარ არის. 110-მილიონ ლარს იხდის სახელმწიფო ბიუჯეტი თქვენი უწყების ფუნქციონირებისათვის, მაგრამ რეალურად ვერ ვიგებთ რატომ ვიხდით ასე გაუგებრად ამდენ ფულს. ეს 110 მილიონი ლარი მთის და ბარის სოფლებში, რომ დავხარჯოთ იცით რამდენი პრობლემა მოგვარდებოდა? ან კიდევ ეს ფული (110 მილ. ლარი) სოფლად დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში, რომ დავხარჯოთ იცით, რამდენ დემოგრაფიულ პრობლემებს გადავჭრიდით?
მართალია, ეს სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით შეიქმნა და ერთი კაცის გამო შეიქმნა, ვინც დღეს ციხეში ზის (ლილუაშვილს ვგულისხმობ), მაგრამ ასე ყოფნა არ შეიძლება. საქმე უნდა აკეთოთ და სასარგებლო საქმის კეთებით უნდა ემსახუროთ რეგიონებს. მუნიციპალიტეტებისთვის და სოფლებისთვის თქვენ ყველაზე დიდი გულშემატკივარი და დასაყრდენი ძალა უნდა იყოთ.
თუ გსურთ, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო არ ჩამოყალიბდეს არაეფექტურ უწყებად და გვინდა უწყებამ ნორმალურად იფუნქციონიროს, აუცილებელია გარდა დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა, დამატებით დაეკისროს ახალი პასუხისმგებლობები. თუ არა და გააუქმეთ სამინისტრო და რეგიონული კომპონენტი კვლავ დააბრუნეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემადგენლობაში ან კიდევ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც სოფლის განვითარების მიმართულება თანხვედრაში მოვა რეგიონული განვითარების მიმართულებასთან“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ, რომლის კომენტარსაც ფრაქცია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.