პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის გათვალისწინებით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის კანონის პროექტს, რომლის გათვალისწინებით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება. თანხმობას ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.

“თანხმობა ვენახის გაშენებაზე“ - ეს ცნება “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას.

შესაბამისად, კანონის პროექტის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება დაშვებული.

პროექტი სესიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. მისი თქმით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება, თუმცა ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება, ასევე არ შეეხება სამოყვარულო და შიდა მეურნეობისთვის გაშენებულ ვენახებს.

მისივე თქმით, ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ ქართული ღვინის პროდუქციის სტანდარტი სათანადო დონეზე იყოს დაცული. როგორც ეზუგბაიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ღვინის ხარისხი ნერგიდან და სწორად შერჩეული ადგილიდან იწყება“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრძანებას “სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“ 2026 წლის 1 მარტამდე გამოსცემს.

კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის ღვინის იმ მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1 500 ლიტრს არ აღემატება.

გარდა ამისა, “ვაზისა და ღვინის შესახებ“ მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის და სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციით. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან შესაბამისი მუხლები ამოდის.

როგორც მთავრობა განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად, ყურძნის მოსავლიანობაც გაიზარდა, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოება მხოლოდ ამ ღვინის ან სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან განხორციელდეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა