პროკურორი - საქმეზე საოკუპაციო რეჟიმის სააგენტოს სტატია წარმოდგენილია ერთადერთი მიზეზით - გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე გამოიწვია

გიორგი გახარიას მიერ საგუშაგოს აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა, - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებული ყოფილი პრემიერის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა.

„[საქმეში წარმოდგენილია]საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი სააგენტოს სტატია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ უნდა იყოს განმარტებული, რომ ეს სტატია წარმოდგენილია ერთადერთი მიზეზით - გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები მოჰყვა, რომელმაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე გამოიწვია. [ენდობა თუ არა პროკურორი სტატიის შინაარს] - ნდობაზე საუბარი არ არის, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს, კონკრეტულ სტატიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებებია ასახული. ამ სტატიის სასამართლოში წარდგენა, მის მიმართ ნდობას ან არ ნდობას არ ნიშნავს.

რაც შეეხება დისტანციურად გიორგი გახარიას დასწრებას, პროკურატურას მკაფიო განმარტება აქვს - სასამართლო პროცესზე დისტანციურად ბრალდებულის ჩართვას სასამართლო წყვეტს. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ გიორგი გახარია დისტანციურად გამოკითხულიყო, რაზეც ბრალდების მხარემ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ ძებნილი ბრალდებულის გამოკითხვა ვერ მოხერხდებოდა, ვინაიდან თავისი არსით, სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ გიორგი გახარიას მიმართ ძებნაა გამოცხადებული, რადგან ის თავს არიდებს მართლმსაჯულების ორგანოებში გამოცხადებას. მიმალვის საფრთხე რეალიზებულია და სასამართლო პროცესზე ძებნილი ბრალდებულის დისტანციურად გამოკითხვას, ბრალდების მხარე ვერ განახორციელებდა“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე შესაბამის პროცედურებს განახორციელებს გიორგი გახარიას ძებნასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პროკურატურა მოქმედებს საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ბრალდებული თავს არიდებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ქართული მხარე შესაბამის პროცედურებს განახორციელებს გიორგი გახარიას ძებნასთან დაკავშირებით. ძებნასთან დაკავშირებით დადგენილება საქმეში დევს“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტკიცებულებათა დართვა მოხდა, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გასაიდუმლოებული დოკუმენტები.

ასევე, ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი გახარიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“, - აცხადებს პროკურატურა.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა