კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა და ე.წ. მედია არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაში, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება.
მისი თქმით, როცა დანაშაულია ჩადენილი, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება.
„თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე. უფრო ღრმად არ მინდა შევიდე, როცა არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭირდება“ , - განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ელისო კილაძის განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის შესახებ, „აბსურდულია“.
„ აბსურდია. მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება. პირველი დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა. რამე რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, გამოაქვეყნებდა. ზოგადად, ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური. პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. მგონი, მისი ეს განცხადებები სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ქოლცენტრების საქმეზე ბრალს არ აღიარებს. ამასთან, კილაძის თქმით, საჭირო გახდა მისი დაკავება, რომ "საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით".
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.