პრემიერი - ყველა მონიტორინგის მისიამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, ეს ეხება ყულევსაც - ევროპულ სტრუქტურებს გადავუგზავნეთ სრული ინფორმაცია

სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ეხება ყულევის პორტსაც.

„რეალურად, აქ ყველაფერი არის ნათელი. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია გავუზიარეთ ევროპულ სტრუქტურებს, რაც ადასტურებს იმას, რომ არავითარი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად. იყო უამრავი სპეკულაცია, შემდეგ ჩამოდიოდა სხვადასხვა მონიტორინგის მისია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკული, ევროპული, ბრიტანული მისია და ყველამ დაადასტურა, რომ ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური. ეს ეხება ყულევსაც. ამასთან დაკავშირებით, ევროპულ სტრუქტურებს ჩვენ გადავუგზავნეთ სრული ინფორმაცია.

ასეთ ფონზე, როდესაც გამოდის ადამიანი, ყოფილი პრეზიდენტი, გასაგებია, რაც არის და ვინც არის, მაგრამ ფორმალურად მაინც ასეთი სტატუსის მატარებელია - ყოფილი პრეზიდენტი და როდესაც ითხოვს ისეთ რამეს, რაც ბუნებრივია, საზიანოა ქვეყნისთვის, ეს მეტყველებს ამ ადამიანის სულისკვეთებაზე. ასეთი სულისკვეთებით უმძიმესი ზიანი მიაყენა მან ჩვენს ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყო ხელისუფლებაში, შემდეგ წლების განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციაში და კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს. ეს არის და ეს", - განაცხადა პრემიერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებთ, რომელიც ყულევს უკავშირდებოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „მტკიცედ უჭერს მხარს ყულევის პორტის სანქცირებას“. სააკაშვილის თქმით, ეს არის თაღლითური ოპერაცია, რომელიც ემსახურება რუსეთისა და ივანიშვილის ერთობლივ ინტერესებს და უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა