ადვოკატი - არ მოგვეცა დრო, რომ შეგვესწავლა საქმის ერთი ტომი მაინც - ელისო კილაძემ მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას, მიაჩნია, რომ დასკვნა არასწორია ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცა.

გელბახიანის ინფორმაციით, ელისო კილაძე სასამართლოში სიტყვით გამოსვლას აპირებს.

ადვოკატის თქმით, კილაძე არ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და გეგმავს განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნას.

მისი შეფასებით, არსებული დასკვნა ან არასწორია, ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი.

ადვოკატის განცხადებით, კილაძე თავს გარკვეული მიზნების გამო მსხვერპლად მიიჩნევს.

“ძალიან ცუდია, რომ არ მოგვეცა დრო იმისთვის, რომ შეგვესწავლა ერთი ტომი მაინც. არ ვიცი სპეციალურად მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტის წინაშე ვართ. ჩვენ სასამართლოს ხვალ ველოდით. ამიტომ, მთელი ღამე ვაპირებდით გვემუშავა, რათა ჩამოვყალიბებულიყავით.

ელისომ გუშინ მითხრა, რომ სასამართლოში სიტყვით უნდა გამოსვლა. ექსპერტიზის დასკვნაზე მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას. მიაჩნია, რომ ეს არის ან არასწორი დასკვნა ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ ბრალდება ხელოვნურია და არის მსხვერპლი გარკვეული მიზნების გამო. ამ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად ისაუბრებს”,- განაცხადა გელბახიანმა.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.

ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.

ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლ-ცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა