სასამართლო ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული 10 პირის, მათ შორის, ჟურნალისტ ელისო კილაძისა და ოთარ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული 10 პირის, მათ შორის, ჟურნალისტ ელისო კილაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

სხდომაზე მხოლოდ ბრალდებული, ელისო კილაძე გამოცხადდა.

პროკურატურა, ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილისა და მიხეილ ჩოხელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ხოლო, ბენ ანორის, გივი ჯიბლაძის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფოლი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.

ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.

ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა