ბერდია სიჭინავა - ქოლცენტრები გამოიყენებოდა პარტიული „შავი სალაროს“ შესავსებად, კონვერტების დასარიგებლად - ბანდიტურ ორგანიზმად გადაიქცა ხელისუფლება: ახლა ერთმა ჯგუფმა უნდა გადააბაროს მეორეს „ოფშიაკი”, ფული, ნაშთი

მთელმა ქვეყანამ იცის, ქოლცენტრები გამოიყენებოდა პარტიული შავი სალაროს შესავსებად, მათ შორის იმ კონვერტების დასარიგებლად, რა კონვერტებსაც ურიგებენ ხოლმე თანამდებობის პირებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არა კრიმინალთან ბრძოლა, არამედ „ეს არის ძალაუფლების გავლენის ჯგუფებს შორის ტრანზიციის პროცესი - ერთმა ჯგუფმა უნდა გადააბაროს მეორეს „ოფშიაკიც“, ფულიც, დანაკლისიც, ნაშთიც“.

„ეს არის სამართლიანი წესრიგის მოშლის პირდაპირი შედეგი, როდესაც ბანდიტურ ორგანიზმად გადაიქცა [ხელისუფლება]. სახელმწიფო, პოლიტიკა და კრიმინალი ერთმანეთშია გადაზელილი და ამ ყველაფრის შედეგია, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და უდანაშაულო ბავშვებისა და ახალგაზრდების დასარბევად, ციხეში გამოსამწყვდევად. ახლა, რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, სამართლიანობის აღდგენა ან რაიმე ფორმით ქოლცენტრებთან ბრძოლა არ არის. რამდენი წელია ჩვენი გუნდი საუბრობს ქვეყანაში ქოლცენტრების არსებობაზე. მაშინ საუბრობდნენ თითქოს ეს ყველაფერი ტყუილი იყო და პოლიტიკური მიზნით ვიყენებდით. ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული ხდება და ჰაბად გამოიყენება საქართველო. მაშინ პრობლემას თვალს არ უსწორებდნენ, სირაქლემასავით ქვიშაში თავი ჰქონდათ ჩარგული. ეს არის ივანიშვილის ხელდასხმულ გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების, ფულის და ე.წ. ოფშიაკის ტრანზიციის პროცესი. მეორე ჯგუფი, რომელმაც გადაიბარა ყველაფერი, ეძებს თანხებს.

თავად თქვეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო ამ ყველაფერში ჩართული, რომელზე ზედამხედველობის ფუნქცია ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, ირაკლი კობახიძეს, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს. როგორ შეიძლება სახელმწიფოსგან მალულად ეს ყველაფერი განხორციელებულიყო. მთელმა ქვეყანამ იცის, ქოლცენტრები გამოიყენებოდა პარტიული შავი სალაროს შესავსებად, მათ შორის იმ კონვერტების დასარიგებლად, რა კონვერტებსაც ურიგებენ ხოლმე თანამდებობის პირებს. თავად აღიარეს, თავად გამოაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამ ყველაფრის მფარველად.

მთელმა თბილისმა იცოდა სად იყო ქოლცენტრები, მისამართების დონეზე იცოდნენ, ადამიანების დონეზე, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ყველამ იცოდა, ყველა თვალებს ხუჭავდა, რა თქმა უნდა იცოდა სუს-ის უფროსმა. არ გახსოვთ მდინარაძის და კობახიძის განცხადებები, საპარლამენტო ფორმატში რაზე საუბრობდნენ? სად იყო მათი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია, სად იყო უმრავლესობის ლიდერის, მდინარაძის ფუნქცია, დღეს რომ გამოდის და კორუფციას ებრძვის. სად იყო ირაკლი კობახიძის საზედამხედველო ფუნქცია? ხელები დაიბანა პილატესავით? თქვენ გგონიათ კრიმინალთან ბრძოლა აღელვებს ვინმეს? ეს არის ძალაუფლების გავლენის ჯგუფებს შორის ტრანზიციის პროცესი. ერთმა ჯგუფმა უნდა გადააბაროს მეორეს ოფშიაკიც, ფულიც, დანაკლისიც, ნაშთიც და ყველაფერი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა