კახა კალაძე - „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია - ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს

ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე 400 მლნ დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა“.

მისივე განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები იძლევა საშუალებას, ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით იყოს დამოუკიდებელი და შეძლოს მისი ექსპორტირება.

„ჩვენი ქვეყანა ბუნებრივი რესურსებით მდიდარია. რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ, რესურსები ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის გატანა ექსპორტზე, თურქეთში და მისი გავლით ევროპულ ქვეყნებში. საიდან ვიღებთ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს? ერთი, გამოვიმუშავებთ ჩვენ თვითონ, ასევე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, შემოგვაქვს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან. იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე და გვქონდეს საკუთარი ელექტროენერგია, შევძლოთ მისი ექსპორტზე გატანა, „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტები ძალიან უწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ხშირად კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი აპროტესტებდა, რის გამოც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ.

„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია. ისიც კარგად ვიცით, ვის ინტერესში შედის, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე. ენერგეტიკის მინისტრი რომ ვიყავი არასამთავრობო სექტორი ხშირად აპროტესტებდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ამისთვის ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებოდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილება აღიარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს, კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ, 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Global Arbitration News -ი ავრცელებს. მედია პლატფორმის ინფორმაციით, სასამართლოში შეტანილ სარჩელში საქართველომ განაცხადა, რომ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის დაუყოვნებელი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს სერიოზულად დააზარალებდა, რადგან ეს თანხა რაც ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და იუსტიციის სამინისტროს წლიური ასიგნების დაახლოებით 250%-ს შეადგენს. სასამართლომ ეს მტკიცებულება მიიჩნია, როგორც სერიოზული და კონკრეტული გავლენის დემონსტრირება საქართველოს მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების შესრულების უნარზე.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა