ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ბიზნესმენი, „კია ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ტუკვაძე დისტანციურად იკითხება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ბიზნესმენი, „კია ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ტუკვაძე იკითხება.

მას საქმეში მოწმის სტატუსი აქვს და გამოძიების ეტაპზე ვასილ მხეიძის, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ აქვს მიცემული ჩვენება.

ტუკვაძე სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევს. შესაბამისი შუამდგომლობა - მისი დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა განმარტა, ტუკვაძემ ქვეყანა ოქტომბერში დატოვა და ის მოცემული სისხლის სამართლის განხილვის დასრულებამდე ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებს, რის გამოც, მისი დაკითხვა დისტანციურად უნდა მომხდარიყო. პროკურორის თქმით, მოწმე ამერიკაში ცხოვრობს, ოჯახი იქ ჰყავს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ადვოკატების თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა უკიდურესად დაუსაბუთებელია და ტუკვაძის დისტანციურად დაკითხვის შემთხვევაში დაცვის მხარეს ეფექტური დაცვის უფლება ერთმევა. ადვოკატების თქმით, მოწმის დისტანციურად დაკითხვას თავის წესები აქვს.

პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა ჯუანშერ ბურჭულაძემაც და განაცხადა, რომ „შეიძლებოდა შუამდგომლობას დათანხმებულიყო კიდეც, მაგრამ სამართლებრივად ეს გარემოება, რაც ადვოკატებმა დააფიქსირეს, მნიშვნელოვანია".

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მოწმეს ჰკითხა, ხომ არ აპირებს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ჩამოსვლას, რაზეც ტუკვაძემ უპასუხა, რომ ის „ზაფხულის ბოლომდე არ აპირებს ქვეყანაში ჩამოსვლას".

აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა, როგორც მან განმარტა, ეფექტური დაცვის განხორციელების მიზნით, სხდომა უნდა გადადებულიყო. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ეს მოწმე მნიშვნელოვანია, სწორედ მისი ჩვენებებით დაიწყო დაკავებები, რის გამოც, პოზიციები როგორც კოლეგებთან, ასევე ბრალდებულებთან შესათანხმებელია. ადვოკატების თქმით, პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილება მათთვის „სიურპრიზი" იყო.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ტუკვაძეს დისტანციურად ჰკითხავენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა