შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და [ვასილ მხეიძეს, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას] შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კია ჯგუფის" დამფუძნებელმა ზურაბ ტუკვაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა.
ის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ზურაბ ტუკვაძე ამერიკაში იმყოფება და ის სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევს.
როგორც მან აღნიშნა, ის ჯუანშერ ბურჭულაძეს არ იცნობს და მხოლოდ მის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან ჰქონდა შეხება.
ტუკვაძემ იმ ტენდერების შესახებ ისაუბრა, რომელშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული.
„2022 წელს მისი ინიციატივით მოვიდა ვასო მხეიძე და შემომთავაზა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მიმეღო მონაწილეობა.
ვინაიდან რამდენიმე დიდ კომპანიას ვფლობდი, ვთხოვე, ჩემთვის თანამდებობის პირობებისგან გარანტია მოეცა, ეს შესყიდვა შედგებოდა თუ არა ნამდვილად. ის ერთ კვირაში დაბრუნდა და მითხრა, რომ ესაუბრა მის სიძეს, მაშინდელ თავდაცვის მინისტრს და მითხრა, რომ ეს შესყიდვა შეთანხმებული იყო იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთანაც. ეს შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და შესყიდვის სრული ღირებულების 10% თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა წაეღო. ასევე მან გამიჟღერა, რომ პრემიერს ხუმრობით უთქვამს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე პრემიერის გარე ნათესავი იყო, უთქვამს, რომ კარგი სიძე არ ვიყავი, მაგრამ ბიზნესის ნაწილში შეიძლებოდა შესყიდვა განხორციელებულიყო, დავრწმუნდი, რომ ეს [შესყიდვა] სარწმუნო იყო. 2-3 თვეში, თავდაცვის სამინისტროდან შესყიდვების უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური დამიკავშირდა და შევხვდი. მან საუბრისას მითხრა, რომ გორის ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვას აპირებდა. მას ჩემი და ჩემი მეგობრის კომპანიის მონაცემები დავუტოვე, რამდენიმე ხანში ბაზრის კვლევა სამედიცინო აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებით გავუგზავნე. ხელშეკრულება, დაახლოებით, 5 მილიონს მოიცავდა, რაც სამედიცინო ინვენტარის და აპარატურის შეძენას გულისხმობდა. დაახლოებით, 3-4 თვეში, ვასო მხეიძე მოვიდა, მას შეთანხმებისამებრ ხელშეკრულების 10% გადავეცი, მან მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროს კიდევ ექნებოდა შესყიდვები სამედიცინო აპარატურების, იგივე შეთანხმებით გავაგრძელეთ მუშაობა, ჩემს მეგობრებთან მივედი და დახმარება ვთხოვე",- განაცხადა ტუკვაძემ.
მას ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა შეაწყვეტინა.
„ადამიანი კითხულობს, წინ უდევს და კითხულობს, კამერას არც ერთხელ არ უყურებს",- განაცხადა ადვოკატმა, რაზეც მოსამართლემ მოწმეს მიუთითა, კამერისკენ ეყურებინა.
ტუკვაძეს კითხვებს ამ წუთებშიც ბრალდების მხარე უსვამს.
მას პროკურორმა დაუსვა კითხვა, თუ რით ახსნიდა ის მის რამდენიმე ჩვენებაში მიწოდებულ განსხვავებულ ინფორმაციებს.
„ვასოსთან[მხეიძე] რატომ უნდა მომეყოლა ისეთი რაღაცები, რაზეც კითხვები არ დასმულა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როცა გავაანალიზე, რომ სხვები, ბიზნესმენები, ჩემი მეგობრები დაზარალებულიყვნენ, მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ნებით მივსულიყავი და გამოძიებისთვის სიმართლე მეთქვა და ჩვენება დამეზუსტებინა",- განაცხადა ტუკვაძემ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.