ილიაუნისთან საუნივერსიტეტო რეფორმის „დაუყოვნებლივ გაწვევა“ მოითხოვეს 9 მარტს საპროტესტო აქცია-მსვლელობა დააანონსეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს.

სტუდენტები მოითხოვენ, გაუქმდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება.

მანიფესტს ხელი მოაწერეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

„ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვდგავართ იმ ისტორიულ მომენტის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, არამედ თავად აკადემიური თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული საზოგადოების მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

მიმდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვას ან ფაქტობრივად მის გაუქმებას, არის სისტემური შეტევა იმ პრინციპებზე, რომელთა გარეშეც უნივერსიტეტი ვერ იარსებებს. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ შენობა ან ადმინისტრაციული ერთეული; ის არის თავისუფალი სივრცე და ქვეყნის განვითარების წინაპირობა.

ჩვენი პოზიცია მკაფიო და არგუმენტირებულია: ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიას, ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს, ისე თანამედროვე განათლების არსს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული რეფორმის დაუყოვნებლივ გაწვევა და უნივერსიტეტების ავტონომიის სრულფასოვანი დაცვა.

ჩვენი წინააღმდეგობა არ არის სპონტანური - ეს არის გააზრებული, ორგანიზებული და ლეგიტიმური სტუდენტური პროტესტი, სადაც ჩართულობა არ არის პრივილეგია, არამედ უფლებაა.

მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და მოქალაქეებს - შემოგვიერთდით. ყველას შეუძლია თავისი ფორმით წვლილის შეტანა - იქნება ეს აუდიტორიაში საუბარი, დისკუსიებში მონაწილეობა თუ ქუჩაში დგომა.

დღეს ჩვენ ვდგავართ კონსოლიდაციისა და მობილიზაციის გზაზე. ეს პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ის აუცილებელია. ისტორია გვაჩვენებს, რომ უნივერსიტეტები ყოველთვის იყვნენ ცვლილებების ავანგარდში და დღეს ეს პასუხისმგებლობა ისევ ჩვენზეა.

ჩვენ არ ვითხოვთ რამე განსაკუთრებულს. ჩვენ ვიცავთ იმ მინიმუმს, რომლის გარეშეც არც უნივერსიტეტი და არც დემოკრატია არ არსებობს.

თუ დღეს დავთმობთ უნივერსიტეტებს - ხვალ დავთმობთ თავისუფლებას.

ამიტომ ვამბობთ მკაფიოდ: უნივერსიტეტი უნდა დარჩეს თავისუფალი; სტუდენტური ხმა უნდა დარჩეს დამოუკიდებელი; დემოკრატია კი - ცოცხალი.

ჩვენ დავიცავთ ილიას უნივერსიტეტს!

ჩვენ დავიცავთ განათლებას!",- აღნიშნულია სტუდენტების მანიფესტში.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა 9 მარტს აქცია-მსვლელობა დაანონსეს, რომელსაც სტუდენტების ინფორმაციით, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან.

ცნობისთვის, განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია