ძალიან რომ ეცადოთ, საქმის მასალებში ვერ მიპოვით. 2 წინადადებაში ვარ ნახსენები, ისიც ძალიან ბუნდოვნად - მაგალითად მე, ვერც ერთი წინადადებიდან შინაარსი ვერ გამომაქვს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
გვარამიას თქმით, მისთვის ე.წ. საბოტაჟის საქმის სრული ანატომია „47 სულელური ტომის წაკითხვისა და საკუთარი თავის ვერ პოვნის ფუჭი წვალებაა“.
„მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, ზუსტად რა იქნება და როგორ. მზაობა მაქვს ნებისმიერი რამის იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ნებისმიერი რამე არის შესაძლებელი. ძალიან რომ ეცადოთ, საქმის მასალებში ვერ მიპოვით. 2 წინადადებაში ვარ ნახსენები, ისიც ძალიან ბუნდოვნად. მე მაგალითად, ვერც ერთი ამ წინადადებიდან შინაარსი ვერ გამომაქვს. შესაბამისად, რას უნდა ვუპასუხო, ისიც კი არ ვიცი. რა უნდა ვამტკიცო, რა არ გამიკეთებიათქო, არ ვიცი. 47 ტომია. 47 სულელური ტომის წაკითხვისა და საკუთარი თავის ვერ პოვნის ფუჭი წვალება - ეს არის ამ საქმის ანატომია ჩემთვის“,- განაცხადა გვარამიამ.
გარდა ამისა, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, გვარამიამ აღნიშნა, რომ „გამორიცხულია, ოპოზიციის გაერთიანება არ გამოვიდეს”.
“ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”, - აღნიშნა გვარამიამ.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.