თუ ბრიტანეთის ელჩს დამატებითი არგუმენტები მოსთხოვეს, შეიძლება მან გაიხსენოს „ქართული ოცნების“ ნარატივები ევროპული და გლობალური ომის პარტიებთან და „დიპ სტეიტთან“ დაკავშირებით - უკეთესი იქნება, თუ მკაცრი, დიდაქტიკური ტონით არ მოითხოვენ ელჩისგან ახსნა-განმარტებებს, არამედ შეეცდებიან რაღაც ხიდების ჩამოყალიბებას, საკომუნიკაციო არხის აღდგენას, რომ მოხდეს მოლაპარაკება, რა პირობებზე შეიძლება ეს სანქციები გაუქმდეს, - ამის შესახებ დიპლომატმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩის, გარეტ უორდის დაბარება შეაფასა.
მისივე თქმით, „ვერანაირი პრეტენზიების წაყენებით და ხმამაღალი განცხადებებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეცვლის“.
„ელჩის დაბარება იმის ნიშანია, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად აწუხებს შექმნილი ვითარება. ეს არ არის რიგითი მოვლენა, ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც პრობლემას შეუქმნის არა მხოლოდ „იმედს“ და „პოსტვ“-ის, არამედ მათთან ასოცირებულ მთელ რიგ იურიდიულ პირებს. რაც შეეხება იმას, რომ განმარტებებს მოითხოვენ, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად იყო ჩამოყალიბებული თვითონ ბრიტანეთის განცხადებაში. თუ ბრიტანეთის ელჩს დამატებითი არგუმენტები მოსთხოვეს, შეიძლება მან გაიხსენოს „ქართული ოცნების“ ნარატივები ევროპული და გლობალური ომის პარტიებთან დაკავშირებით, ასევე, „დიპ სტეიტის“ და ა.შ. დაკავშირებით. უკეთესი იქნება, თუ დღევანდელ შეხვედრაზე არა მკაცრი, დიდაქტიკური ტონით მოითხოვენ ელჩისგან ახსნა-განმარტებებს, არამედ შეეცდებიან რაღაც ხიდების ჩამოყალიბებას, საკომუნიკაციო არხის აღდგენას საიმისოდ, რომ მოხდეს მოლაპარაკება, რა პირობებზე შეიძლება ეს სანქციები გაუქმდეს. ვფიქრობ, ეს უფრო კონსტრუქციული მიდგომა იქნება. ვერანაირი პრეტენზიების წაყენებით და ხმამაღალი განცხადებებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეცვლის.
ემოციურად მესმის [„ქართული ოცნების“] გაბრაზება, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ პრობლემებს შეუქმნის როგორც „იმედს“ და „პოსტვ“-ის, არამედ ჰოლდინგებს და განსაკუთრებით, „იმედისას“. მე უბრალოდ, მინდა ვურჩიო „ქართულ ოცნებას“, რომ ჩხუბითა და პრეტენზიებით ბრიტანეთის მთავრობასთან ვერაფერს მიაღწევენ. შეიძლება საპასუხოდ დაასანქცირონ „ბიბისი“ ან სხვა რომელიმე არხი რაღაც მიზეზით. ეს ახსნან რაღაც ნაცვალგებითი პრინციპის მოქმედებით და ა.შ. ეს არ იქნება სერიოზული გადაწყვეტილება. ვურჩევ, რთული სიტუაციის განმუხტვას შეეცადონ და ეს შეიძლება ამ შეხვედრაზე მოხდეს. არანაირი ნიშანი არ ჩანს რაღაც კომპრომისების“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ჩეჩელაშვილი „სრულად გამორიცხავს“, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღოს.
„ეს ჩიხში შეიყვანს ისედაც უკიდურესად დაბალ ნიშნულზე არსებულ ჩვენს ურთიერთობებს ევროპელებთან და ამ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთთან. ბრიტანეთი ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური მოთამაშეა. აქ რაღაც წყენები, საპასუხო ზომები... რეალურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები ამასთან დაკავშირებით. ამას სჯობს, რომ გაანალიზდეს ის პრობლემები, რის გამოც დასანქცირდნენ „იმედი“ და „პოსტვ“. მიეცეს დაპირებები ან გამოიხატოს მზადყოფნა კომპრომისების მოძებნის თვალსაზრისით, რადგან მომავალში გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ეს სანქციები მოიხსნას. ამ გადაწყვეტილების ანულირება მყისიერად ვერ მოხდება. ამისთვის, მაგალითად, უნდა შეიცვალოს რიტორიკა [„ქართული ოცნების“]. ცნობილია გლობალური ომის პარტიის დადანაშაულება, ასევე, დიდი ბრიტანეთის, რომ ის აღვივებს ომს და ხელს არ უწყობს მშვიდობას. ჯერ ამის შეცვლა და შემდეგ საერთო დამოკიდებულება იმ პრობლემების მიმართ, რომელთა გამოც ეს მოხდა. „რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს სანქციები მოიხსნას?“ - ზუსტად ეს კითხვა უნდა დაისვას დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, დიპლომატი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებას „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირებასთან დაკავშირებით, რომ „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“. ჩეჩელაშვილის მოსაზრებით, თურნავას ეს განცხადება „შეიძლება შეფასდეს მოწოდებად“, რომ ქართულმა ბანკებმა ბრიტანული სანქციები არ აღასრულონ.
„თურნავა მართალია იმაში, როდესაც ამბობს, რომ ეს ბანკები არიან იურიდიული პირები, რეგისტრირებულები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. სიმართლე, ასევე, ისიცაა, რომ ნებისმიერი ბანკი, მით უმეტეს, დიდი ბანკი, არის გლობალური მოთამაშე. ვის სჭირდება ბანკი, რომელსაც მაგალითად, არ შეუძლია საზღვარგარეთ გადარიცხვების წარმოება? ეს წარმოუდგენელია. ამ გადაწყვეტილებით, მოქმედების ეს ველი განსაკუთრებით ჩვენი ბაკნებისთვის, გარკვეულწილად დაინაღმა. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ დაეხმაროს ბანკებს, ეს ველი გაიარონ ისე, რომ არავითარი ფინანსური აფეთქება არ მოხდეს, რაც დააზიანებს ბანკებს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკასაც.
ძალიან წიგნიერად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ამ სანქციებმა არ გამოიწვიოს კასკადური ეფექტი მთლიანად ეკონომიკაში. განსაკუთრებით ამ თვალსაზრისით, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ორი მთავარი სისტემური ბანკის ავტორიტეტსა და რეპუტაციას, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობებში“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამისა, ჩეჩელაშვილმა შეაფასა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეეხება იმას, რომ ევროპა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნით და ჩვენი ქვეყნისრუსეთთან ესკალაციაში ჩაბმითაა დაინტერესებლი. დიპლომატის თქმით, მას ყველა ელჩთან აქვს ურთიერთობა და „არსად, არც ერთ კონტექსტში არავის უხსენებია, რომ საქართველომ [მეორე ფრონტი უნდა გახსნას]“.
„რა ღირებულება ექნებოდა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას, როდესაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზებია? ჩვენ მიერ თეორიულად გამოცხადებული მეორე ფრონტი 2-3 დღეში დასრულდებოდა. არავითარ შედეგს არ მოუტანდა არც უკრაინას და არც დანარჩენ ქვეყნებს. ყველა ელჩთან მაქვს ურთიერთობები, არსად, არც ერთ კონტექსტში არავის უხსენებია, რომ საქართველომ [გახსნას მეორე ფრონტი].
ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც ევალება, რომ ისეთი კანონმდებლობა მიიღოს, რაც თანხვედრაშია ევროპულ ტრადიციებთან, თანამშრომლობის პრინციპებთან, ფასეულობებთან და ა.შ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების დარგში გადაწყვეტილებებთან სინქრონიზაცია. 100%-ით თანხვედრას არავინ გვთხოვს, მაგრამ ტენდენცია, გადაწყვეტილებების დინამიკა, უნდა იყოს იმის დამადასტურებელი, რომ ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმ ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის იღებს და ვცდილობთ, მასთან თანხვედრაში მოვიყვანოთ ჩვენი პოლიტიკა. შეიძლებოდა იმის გამო, რომ ჩვენ ბუნებრივად დამოკიდებულებები ვართ რუსულ ბაზარზე და ა.შ. გარკვეულწილად მოქნილად გვემოქმედა, მაგრამ ძალიან დემონსტრაციულად გამოდის რუსეთიდან ნავთობის და ნავთობპროდუქტების დინამიკა, შესყიდვები, ტურისტები და ფრენები“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ასევე, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა აშშ-ის კონგრესში წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც „საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. მისი თქმით, „თუ ეს კანონი კონგრესში დამტკიცდება, სადაზვერვო სამსახურებს შესაბამისი დავალებები მიეცემათ“.
„განვლილი 10-14 წლის განმავლობაში, არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ ჩვენს სპეციალურ სამსახურებს დაეპატიმრებინოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნის ჯაშუშები, რუსეთი იქნება ეს, ჩინეთი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან კარგად მუშაობს, ყველა ჯაშუში, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა, გადმობირებული ჰყავს და აკონტროლებს მათ ან მეორე - ისინი ისე თავისუფლად მოქმედებენ, რომ ასრულებენ თავის ფუნქციებს და არანაირი საფრთხე არ ექმნებათ. მე რატომღაც უფრო მეორე მგონია, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამისთანა ტურბულენტურ სამყაროში, იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს აქვს ამისთანა გეოპოლიტიკური ლოკაცია, ჩვენს ტერიტორიაზე არ მოქმედებენ საერთაშორისო საზღვარგარეთის სადაზვერვო ძალები.
ეს ამერიკელებსაც აწუხებთ. ვფიქრობ, უპირველესად, ეს აწუხებს ჩინეთთან მიმართებით. როგორც ჩანს, საქმეებს რუსეთთან თვითონ აგვარებენ რაღაცნაირად. თუმცა რუსეთის ფაქტორიც აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუ ეს კანონი კონგრესში დამტკიცდება, სადაზვერვო სამსახურებს შესაბამისი დავალებები მიეცემათ. უნდა გავიხსენოთ, რომ მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა აშშ-ში. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სპეცსამსახურებს შორის რაღაც კომუნიკაციის არხები არსებობს და მათი გამოყენებით მომზადდება ის მოხსენება ამ კანონის მოთხოვნების თანახმად. როგორი იქნება ეს მოხსენება, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ითანამშრომლებენ ამერიკელებთან ჩვენი სპეციალური სამსახურები. მდინარაძის ვიზიტის გათვალისწინებით, იმედია, ეს კომუნიკაციის არხი, რომელიც ალბათ გაჩნდა, არ ჩაიჩეხება და პირიქით, გაძლიერდება. შესაბამისად, შეიძლება ამანაც ჩაუყაროს საფუძველი ურთიერთგაგებას აშშ-ისთან. თუმცა აქ მაინც ორი საკვანძო სიტყვაა ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტისთვის აშშ-ისთან: „პატიმრები“ და „კანონები“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.