ეს ორგანიზაცია განიხილება როგორც ე.წ. უფლებადამცველ ორგანიზაციად - არა თუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებების ხელყოფაზე, პირიქით ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი,- ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას, რომელშიც განმარტებულია ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ, რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ ტელეკომპანიები - „იმედი“ და POST TV.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ეს არის სამშობლოს ღალატი, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“.
„რამდენად არის ეს კანონდარღვევა, ამის შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ამისთვის სპეციალური სამართალდამცავი უწყებები არსებობს, თუ ისინი სამართალდარღვევის, მათ შორის სისხლის სამართლის ნორმის დარღვევის ნიშნებს დაინახავენ, ამაზე რეაგირება შეუძლია.
[რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას] ეს არის სამშობლოს ღალატი, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება. ეს ორგანიზაცია განიხილება როგორც ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაციად. ჩვეულებრივი უცხოური აგენტურის ლუსტრაციაა, არა თუ არ რეაგირებენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებების ხელყოფაზე, პირიქით ცდილობენ კიდევ უფრო გააღრმაონ ამ ხელყოფის ხარისხი, საკუთარი ჩარევით. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი, ასეთი ქმედებების გამოა, რომ მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეიტინგი აბსოლუტურ ფსკერზეა.
ისინი არიან მოღალატეები, საკუთარი სამშობლოსა და ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილნი. მთელი ამ წლების განმავლობაში მტრულ საქმიანობას ეწევიან, ამის გამოა, რომ მათი რეიტინგი ნულამდეა დაცემული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების: „იმედისა“ და POST TV-ს დასანქცირების შემდეგ, განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია რა შეზღუდვებისა და პრობლემების წინაშე შესაძლოა დადგნენ ტელეკომპანიები.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტელეკომპანიები ვერ მიიღებენ შემოსავალს რეკლამიდან, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ იყიდიან სერიალებს, გაუუქმდებათ გასართობი გადაცემების ლიცენზიები, ვერ მიიღებენ ბანკის მომსახურებას, ვერ აიღებენ სესხს და ახალ დაფინანსებას, ვერ გაყიდიან ან გააქირავებენ ქონებას, ვერ შეიძენენ ან იქირავებენ ტექნიკას, საბანკო გადარიცხვებით კომუნალურებს ვერ გადაიხდიან, თანამშრომლებს ბანკიდან სესხის აღება გაურთულდებათ.