შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა - რა ბანკი, რის ბანკი, ვინ გაახსნევინებს ბანკს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საკუთარ ბანკს შექმნიან.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ბანკის გახსნის ინიციატივა არის თანამშრომლების „დაბოლების“ ოპერაცია, რომ მათ რაღაც იმედები შეუქმნან.
„ეს არის სისულელე, ეს არის თანამშრომლების „დაბოლების“ ოპერაცია, რომ რაღაც იმედები შეუქმნან მათ, ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება. რა ბანკი, რის ბანკი, ვინ გაახსნევინებს ბანკს. ჩაკეტილ სისტემებში მუშაობენ სანქცირებული ბანკები, ხოლო ჩვენ, ჩვენდა საბედნიეროდ გადარჩენილები ვართ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა მთლიანად ინტეგრირებულია საერთაშორისო სისტემებში. შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა. „მოწველონ“ ვიღაცები და მერე ეს ფული ქეშით დაურიგონ „იმედის“ თანამშრომლებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის შემდეგ „იმედს“ და POSTV-ის ევროკავშირი და აშშ-იც დაასანქცირებენ.
„ეს პროცესის დასაწყისია. არა თუ მოლოდინი მაქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, ამ [„იმედს“ და POSTV-ის ევროკავშირიც დაასანქცირებს]. არა მხოლოდ ევროკავშირი, თქვენ წარმოიდგინეთ, ამათ რომ ამერიკელების იმედი აქვთ, ამერიკელებიც იმავე გზას გაუყვებიან აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე.
ტრამპის იმედი აქვთ იმიტომ, რომ მან გარკვეული ოდიოზური ელემენტები შემოიტანა გლობალურ პოლიტიკაში. იყენებს ისეთ რიტორიკას, რასაც შემდეგ ესენიც ებმებიან და ვირეშმაკობით ცდილობენ სინქრონიზაციაში მოხვდნენ და პარტნიორებად გამოაცხადონ თავი, მაგრამ ეს სასაცილოდ და პროვინციულად გამოიყურება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.