ჯერჯერობით არაფერი არ იგეგმება, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თუკი იქნება ოპოზიციური პარტიების სერიოზული გუნდის ვიზიტი აშშ-ში, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შეკითხვას, იგეგმება თუ არა ოპოზიციის ვიზიტი აშშ-ში.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში რაც იგეგმება არის ის, რომ უფრო სტრუქტურირებული ოპოზიციური გაერთიანება შედგება.
„ბევრი რამ დამოკიდებულია მოვლენებზე, რომელიც განვითარდება. ჩვენ ხშირად გვაქვს პარტნიორებთან ურთიერთობა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ვიყავი აშშ-ში, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თუკი იქნება ოპოზიციური პარტიების სერიოზული გუნდის [ვიზიტი აშშ-ში]. ალტერნატივა მართლაც საჭიროა, ჩვენი მოსახლეობისთვისაა საჭირო და არა ამერიკელებისთვის. ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა იქნება მომავალში, როცა შეიცვლება სისტემა, შეიცვლება ეს ხელისუფლება. კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს პარტნიორებსაც, შესაბამისად, ჯერჯერობით არაფერი არ იგეგმება.
უახლოეს პერიოდში მე დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო სტრუქტურირებული ოპოზიციური გაერთიანება შედგება, ძირითად პრინციპებზე შეთანხმებით: როგორ იურთიერთონ ერთმანეთთან, ქცევის წესები, ურთიერთობის წესები. ეს ძალიან არ მოსწონს და აშინებს „ქართულ ოცნებას“ და ალბათ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამას შეეწინააღმდეგოს.
ოპოზიცია ერთმანეთთან საუბრობს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ამას მხარს უჭერს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი, ვინც პროტესტს აგრძელებს. უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანაში სადაც, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, რაღაც უნდა შეცვალონ. ხალხის და მათი ნების წინააღმდეგ წასვლა ყოველთვის ცუდად მთავრდება და ვერანაირი დაშინებითა და რეპრესიით, ვერანაირი ძალმომრეობით ამას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ბრიტანული სანქციების ფონზე, „სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა“.