მე, როგორც მოქალაქე, ბრიტანეთის ამ ქმედებით ნაწყენი დავრჩი. ჩვენ რომ შევხედოთ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკას და რასაც ისინი ამბობენ, იმავეს საუბრობს FOX NEWS-ი - FOX NEWS-ს ხომ ვერ დაასანქცირებენ, რადგან ის ძლიერია, ამერიკაა, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბრიტანეთის მიერ POS TV-სა და „იმედის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ვერ ხედავს, რა მიზანს ემსახურება ბრიტანეთის ეს ნაბიჯი და რა შედეგზეა გათვლილი.
„სიმართლე გითხრათ, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ბრიტანეთის ამ ქმედებაში. განვიხილოთ ამ სანქციებით რას აღწევს ბრიტანეთი, რისთვის არის გაკეთებული და რა შედეგი მოჰყვება ამას: არის არხი „იმედი“, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკა და თავის ხაზს ატარებს, იმის გამო, რომ ეს არ მოგვწონს აქტივები გავუყინოთ, ალბათ, ეს არ არის დემოკრატიულად სწორი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყოთ კი, ახლა არ არის სწორი.
მე, როგორც მოქალაქე, ბრიტანეთის ამ ქმედებით ნაწყენი დავრჩი. ჩვენ რომ შევხედოთ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკას და რასაც ისინი ამბობენ, იმავეს საუბრობს FOX NEWS-ი, იგივეს ლაპარაკობენ ცნობილი ჟურნალისტები და უფრო მკაცრი რიტორიკა აქვთ ამ მიმართულებით. FOX NEWS-ს ხომ ვერ დაასანქცირებენ, რადგან ის ძლიერია, ამერიკაა, ჩვენ კავკასიის პატარა ქვეყანა, ამიტომ ჩვენი დასანქცირება შეიძლება“,- განაცხადა ქობულიამ.
ქობულიას მოსაზრებით, ბრიტანეთის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მმართველი პარტია კიდევ უფრო გააძლიეროს.
მისი თქმით, როდესაც ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი ხედავს იმას, რასაც ის „უსამართლო ქმედებად“ აფასებს, ეს მისთვის დემოკრატიის პრინციპებთან შეუსაბამოდ აღიქმება.
„ბრიტანეთმა ამით მიაღწია „ქართული ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერებას. ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებით რომ მოუგონ, მათ თავის მხარეს უნდა გადმოიბირონ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩევლები ან ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი. როდესაც ნეიტრალურად განწყობილი ადამიანი ხედავს ასეთი დონის უაზრო უსამართლობას იმ მხრიდან, რომელიც ასოცირებულია ოპოზიციასთან, ამბობს, რომ ეს არის დემოკრატია? - როდესაც არ მოგწონს ადამიანის აზრი, ართმევ ფულს, ქონებას, კეტავ. ის ადამიანები, ვინც უნდა გადმოიბირო, ასეთ დროს უფრო კონსოლიდირდება „ქართულ ოცნებასთან“. ჩემი დაკვირვებით ასეთი ადამიანი არის ამომრჩევლების 70%. მიუხედავად იმისა, შეიძლება არ ემხრობოდეს მთავრობას, მაგრამ როდესაც ხედავს შემოტევა მიდის ერზე და ქვეყანაზე, ეს ძალიან არ სიამოვნებს ერს, ცოტა მეტი დაფიქრება მართებთ“,- აცხადებს ქობულია.
გიორგი ქობულიას შეფასებით, მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა, ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვიოს.
ამასთან, ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი მოთმინება და დიპლომატიურობა მართებს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო დელიკატურები უნდა იყვნენ საჯარო განცხადებებში.
მისი თქმით, გადაჭარბებული საჯარო პოლემიკა შედეგს არ იძლევა და საჭირო არის მეტი სიფრთხილე და დროებითი პაუზაც კი, რათა ვითარება განიმუხტოს.
„არასწორი მრჩევლები ჰყავთ და არასწორად ფიქრობენ. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი მოთმინება მართებს, დიპლომატია და უფრო დელიკატური უნდა იყოს თავის გამონათქვამებში. ეს რომ გაეკეთებინა, შეიძლება ბრიტანეთის ეს უაზრო ნაბიჯი არ მოჰყოლოდა. მთელი დღე რომ გამოხვალ და ეპასუხები, ეს არ არის ნორმალური. რამდენი განცხადებაც კეთდება იქითა მხრიდან, გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და რაღაცას წერს „ტვიტერზე“. ვიღაც დიპლომატმა მითხრა - ერთი დღე არ შეიძლება გამორთოსო, იქნებ ცოტა ხანი დავისვენოთო. გაჩერდი რა ცოტა ხანი. რას იგებს ამით „ქართული ოცნება“? - არაფერს. გინდ უთხარი, გინდა არა, არაფერს გისმენენ - კედელს ცერცვი შეაყარეო“, - განაცხადა ქობულიამ.
მისივე განმარტებით, ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები ტელეკომპანია „იმედისთვის“ რეპუტაციულად და საოპერაციო საქმისთვის დამაზიანებელია, თუმცა, მის საქმიანობას არსებითად ვერ შეაფერხებს.
როგორც ქობულიამ განაცხადა, ისეთი ბანკები, რომელთა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება, სავარაუდოდ, მოერიდებიან ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კომპანიის მომსახურებას.
ამასთან, ქობულია აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს უფლება ბანკებს რაღაც-რაღაცები აუკრძალოს, მაგრამ არ აქვს უფლება ბანკებს დააძალოს მოემსახუროს ამ თუ იმ კლიენტს.
„ეს სანქციები დამაზიანებელი და მძიმე რომ არის „იმედისთვის“ როგორც რეპუტაციულად, ისე საოპერაციო საქმისთვის, უდავოა. ძირითადი ბანკები, რომლებიც ემსახურებიან კომპანიას, შეშფოთებულები არიან. საბანკო სისტემის რეგულატორს - ეროვნულ ბანკს, აქვს უფლება ბანკებს რაღაც-რაღაცები აუკრძალოს, მაგრამ არ აქვს უფლება ბანკებს დააძალოს მოემსახუროს ამ თუ იმ კლიენტს. ეროვნულ ბანკს არ აქვს მანდატი, დააძალოს ბანკს მოემსახუროს ამა თუ იმ კლიენტს. კომერციული ბანკის დისკრეცია ანუ უფლება არის თვითონ გადაწყვიტოს ვის მოემსახუროს და ვის არა. ისე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ასევე ჩვენთან კომერციულ ბანკს აქვს უფლება დახუროს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიში ისე, რომ საერთოდ არ აუხსნას მიზეზი“, - განაცხადა ქობულიამ.
კითხვაზე, ამ ვითარებაში არის თუ არა ტელეკომპანიისთვის გამოსავალი საკუთარი ბანკის შექმნა, ქობულია პასუხობს, რომ თუ შეიქმნება ბანკი, რომელიც მხოლოდ ლარის ოპერაციებს განახორციელებს, „იმედს“ შესაძლებლობა ექნება საბანკო ოპერაციები აწარმოოს კავკასიის ქვეყნებში ან ცენტრალურ აზიაში.
„არიან ბანკები, რომლებიც მხოლოდ ლარში ფუნქციონირებენ, რომელსაც არ აქვს სავალუტო რისკები, არიან ბანკები, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართულები საერთაშორისო სავალუტო სისტემაში, ისეთში, როგორიც არის VISA და MASTERCARD-ი.
თუ არის ბანკი, რომელიც მხოლოდ ლარის ოპერაციას ახორციელებს, შეიძლება „იმედმა“ საბანკო ოპერაცია კავკასიის ქვეყნებში განახორციელოს ან ცენტრალურ აზიაში. მგონია, რომ მძიმე დარტყმაა „იმედისთვის“. არის თუ არა ეს „იმედისთვის“ გადაულახავი? რა თქმა უნდა, არა. მოჰყვება ამას თუ არა „იმედის“ ოპერირების შემცირება? ჩემი აზრით, არანაირი.
რამდენიმე კომპანია, რომელიც „იმედზე“ რეკლამას ათავსებს და ვისაც აქვს ბრიტანეთის იურისდიქციასთან საერთო, შეიძლება დაფიქრდეს, მაგრამ რამდენია ასეთი? ვისგანაც „იმედი“ თურქეთში ყიდულობს სერიალებს, არ მგონია, რომ თურქები შეწუხდნენ. რისგან უნდა შეწუხდნენ, როდესაც თურქეთში ყოველდღიურად „აეროფლოტის“ რეისი დაფრინავს მოსკოვიდან. კი პრობლემები ექნება „იმედს“ , მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ვერ ვხედავ“,- განაცხადა ქობულიამ.