სერგეი ლავროვი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარში „აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული არაპროვოცირებული თავდასხმა დაგმო“.
„მინისტრმა ხაზი გაუსვა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ვითარების პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოგვარების აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლავროვს განუცხადა, რომ ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას გეგმავს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ისრაელის აგრესიამ, კიდევ ერთხელ ჩაშალა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები“, - ნათქვამია განცხადებაში.