25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ცოტნე ტყებუჩავამ განუცხადა.
საქმეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იხილავდა. ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობასთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, არასრულწლოვანს ბრალი ცემის მუხლით აქვს წაყენებული და პროკურატურა აღნიშნულის ორგანიზებას ედავება, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არანაირ დაგეგმვას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს მიცემული.
„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობასთან საერთოდ არაფერ შუაშია. მას ბრალი წაყენებული აქვს ცემის მუხლით. ეს არავის იცნობდა და მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი მეგობრის ცემას არ უარვყოფთ“,- განაცხადა არასრულწლოვანის ადვოკატმა, ცოტნე ტყებუჩავამ.
ცნობისთვის, შემთხვევა თბილისში, ვარკეთილში, 2024 წლის 21 დეკემბერს მოხდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა, მიყენებული ჭრილობებით კი კლინიკაში მიყვანისთანავე 25 წლის მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისა და 3 პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თავდაპირველად ერთი პირი - დავით გოგიძე დააკავეს. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ორი სპეცრაზმელი და ერთი არასრულწლოვანი.