გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება! - ჩვენ პრაგმატული პოლიტიკოსები ვართ და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე არავითარ გაერთიანებას არ განვიხილავთ, თუმცა ქართულ პოლიტიკაში შეიძლება დადგეს რეალობა, როცა საჭირო იყოს, რომ თუნდაც „ლელოსთან“ განმეორდეს თანამშრომლობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატა ხვედელიანმა ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნებისმიერი განშტოება და მათთან საერთოდ არანაირ თანამშრომლობაზე არ აპირებენ საუბარს.
„ჩვენი სამოქმედო გეგმა მოსახლეობისთვის ცნობილია: ვაღიარებთ დემოკრატიის ინსტრუმენტებს, მშვიდობიანი ფორმით ბრძოლას რეჟიმთან. ვიყენებთ საპარლამენტო და საკრებულოების ტრიბუნას იმისთვის, რომ რეჟიმს შევუქმნათ დისკომფორტი. ვცდილობთ, „ოცნებას“ ამომრჩეველი შევუმციროთ იმით, რომ ვიყენებთ ნებისმიერ პლატფორმას მათთან ოპონირებისთვის.
გაერთიანება ამ ეტაპზე არ განიხილება. „ლელოსთან“ მიმართებაში, თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა თანამშრომლობისა და კოორდინაციის პრეცედენტი და საკმაოდ კარგად ვითანამშრომლეთ. შესაბამისად, მათთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუმცა გაერთიანებას არავისთან ვაპირებთ! მითუმეტეს წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნებისმიერი განშტოება - აქ საერთოდ არანაირ თანამშრომლობაზე არ ვაპირებთ საუბარს. ვნახოთ, ჩვენ პრაგმატული პოლიტიკოსები ვართ და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე არავითარ გაერთიანებას არ განვიხილავთ, თუმცა ქართულ პოლიტიკაში შეიძლება დადგეს რეალობა, როცა საჭირო იყოს, რომ თუნდაც „ლელოსთან“ განმეორდეს თანამშრომლობა“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.