ისრაელის თავდასხმები ირანის წინააღმდეგ გაძლიერდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან და "მოსადის" უფროს დევიდ ბარნეასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ძალები ახლა თეირანის გულში მზარდი ინტენსივობით ურტყამენ და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო დღეებში“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინის სახურავიდან გავრცელებულ მიმართვაში.
ასევე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის ძალების გაერთიანება საშუალებას იძლევა გააკეთოს ის, რაც 40 წლის განმავლობაში სურდა.
„ძალების გაერთიანება საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც 40 წლის განმავლობაში მინდოდა - გადამწყვეტად დავარტყათ ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის ის, რა დაპირებაც გავეცით - და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ, ისრაელზე ირანის დარტყმებზე საუბრისას, განაცხადა, რომ „ეს მტკივნეული დღეებია“. მან დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.