საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კონტრშეტევა განახორციელა, - ინფორმაციას Politico ავრცელებს
„საფრანგეთი გააძლიერებს თავის [სამხედრო] პოზიციას და თავდაცვით მხარდაჭერას, რათა დადგეს მათ გვერდით, ვისთანაც გვაქვს თავდაცვის ხელშეკრულებები და შევძლოთ ჩვენი პოზიციის ადაპტირება ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებთან“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
Politico წერს, რომ პარიზმა შაბათს განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შესახებ და არც ჩართული იყო მასში. მაკრონმა თავდაპირველად მხარეებს დიპლომატიის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ტონი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კვირას ორმა ირანულმა დრონმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაარტყა.