ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ. ნებისმიერი გაჭიანურებული ომი ახლო აღმოსავლეთში დიდ დანაკარგს გამოიწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით გაავრცელა.
მისი განცხადებით, ირანის თავდასხმები და რეგიონში არსებული რიგი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა გაუმართლებელია.
„ირანმა თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეგიონში პარტნიორებს, რომლებსაც თავს ესხმიან ან ზარალდებიან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ რეგიონში პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყონ დეესკალაციას და კიდევ ერთხელ დაადასტურონ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ურყევი ერთგულება რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ.
„ევროკავშირი გააგრძელებს წვლილის შეტანას დიპლომატიურ ძალისხმევაში, დაძაბულობის შესამცრებლად და მდგრადი გადაწყვეტის მისაღწევად, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ირანის სრული თანამშრომლობა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან, ასევე ირანის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებითა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესია. საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნება და ნავიგაციის თავისუფლების პატივისცემა ასევე უმნიშვნელოვანესია.
„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას იღებენ რეგიონში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურებით. ირანში მიმდინარე მოვლენებმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას არაპროგნოზირებადი შედეგებით, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში. თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი კრიტიკული წყალსატევების დარღვევა, როგორიც ჰორმუზის სრუტე. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს სოლიდარობას ირანელი ხალხის მიმართ და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ფუნდამენტურ მისწრაფებებს მომავლისკენ, სადაც მათი უნივერსალური ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები სრულად იქნება დაცული“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ გამოქვეყნდა.