ლიბანის ჯანდაცვის უწყება - ისრაელის იერიშს 31 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ისრაელის სამხედროებმა მანამდე დაადასტურეს, რომ ბეირუთის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის ტერორისტებს და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ მეთაურს დაარტყეს.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში, მათ შორის დაჰიეში, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის შემდეგ, ევაკუაცია მიმდინარეობს.

„ჰეზბოლამ“ გუშინ განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ „აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის მოვალეობას შეასრულებდა“.

მას შემდეგ დაჯგუფებამ დაადასტურა, რომ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით ჰაიფას სამხრეთით მდებარე ისრაელის არმიის ბაზაზე რაკეტები და დრონები გაუშვა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026