ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირის განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დაიწყეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
„ჩვენ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევითი კამპანია დავიწყეთ. ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვით პოზიციაზე ვართ, არამედ შეტევაზეც გადავდივართ“, - აღნიშნა ეიალ ზამირმა.
მისი თქმით, საჭიროა ძლიერი თავდაცვითი და შეტევითი მზადყოფნა.
„უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და უწყვეტი შეტევითი მზადყოფნა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.
ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ წუხელ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.