ტექ ოლიმპიადების ჰაბში ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის საქართველოს ნაკრების წევრების შერჩევა დაიწყო

ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI) საქართველოს ნაკრების წევრების შესარჩევად პირველ, საკვალიფიკაციო ტურზე რეგისტრაცია დაიწყო. ნაკრების დაკომპლექტებასა და მომზადებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. რეგისტრაციის გავლა 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლე გოგოებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი სკოლიდან.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-სა და „თიბისის“ პარტნიორობით შეიქმნა და მიზნად ისახავს გოგოების ჩართულობის გაძლიერებას ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში. ის წარმოადგენს ერთიან პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა შერჩევასა და მომზადებას ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ჩემპიონატებზე ასპარეზობისთვის, როგორიცაა:

  • ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა (IOI)
  • ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI)
  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI)
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)

ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას უწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, სადაც ჩართულნი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და გამოცდილი მწვრთნელები. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს.

რაც შეეხება ევროპის გოგოების ოლიმპიადას, რომლისთვისაც რეგისტრაცია იწყება, ის 2021 წლიდან ტარდება, საქართველოს ნაკრები კი 2022 წლიდან იღებს მონაწილეობას. გასულ წლებში საქართველომ გამორჩეული შედეგები აჩვენა: 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი; ქეთევან ციმაკურიძე კი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ოლიმპიადა აერთიანებს 50-ზე მეტ ქვეყანას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში. ყოველწლიურად, ევროპის და სხვა რეგიონების მონაწილეები ერთიანდებიან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება პრობლემების გადაჭრასა და კომპიუტერული მეცნიერების სფეროში. EGOI ხელს უწყობს გოგოების კრეატიულობის, გუნდური მუშაობის ჩვევების და ალგორითმული აზროვნების განვითარებას.

საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოსწავლეები მიწვეულნი იქნებიან შესარჩევ ეტაპზე, საიდანაც საუკეთესო შედეგების მქონე გოგოებით დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები. და საერთაშორისო ასპარეზობამდე ეს მოსწავლეები ინტენსიურ საწვრთნელ კურსს გაივლიან. თავად ოლიმპიადა კი მაისში იტალიაში გაიმართება.

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026