GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის ორი თვის სტატისტიკას აქვეყნებს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, GCCA-ში - 388 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 990 შეადგინა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 92 %-ით არის გაზრდილი.

„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 51 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 89 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 24 მოვაჭრეს - 44 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 47 925 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 37 საქმეზე - 30 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 75 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6 %, იმერეთი 5 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 3 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2 % და სხვ.

მიმდინარე წლის 2 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 122 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 104, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 93, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 21, ხოლო სხვა დანარჩენზე - 48. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 65 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 13 %, განთავსება და საკვების მიწოდება 3 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 17 %“,-აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026