მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ - სამშვილდეს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოში ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი, ის დღეს უპატრონოდ არის მიტოვებული და შველას საჭიროებს

მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოუწოდებს, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერსპექტივებზე.

მათი შეფასებით, სამშვილდეს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოში ერთ - ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი.

„გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ სამშვილდის ნაქალაქარის მდგომარეობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი, არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში(53ჰა), არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი. იმის გამო, რომ 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა, გაზრდილი მცენარეული საფარის გამო, ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები და ნამოსახლარები აღარ იკითხება. ზაფხულში ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება, უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და სიონის ნაშთები, სამწუხაროდ, უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები, არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის. ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა. ძეგლის გადარჩენის იმედი, პირველად 2018 წელს გაჩნდა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშვილდის ნაქალაქარში ციტადელის კარიბჭის რესტავრაცია და ძეგლის ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყო.

პარალელურად, ადგილზე რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა, რა დროსაც ნაქალაქარის ისტორიის აქამდე უცნობი და ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალები გამოვლინდა. 2021 წელს საქართველოს მთავრობას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, სამშვილდის ნაქალაქარი პერსპექტიულ ტურისტულ არეალად ექცია, თუმცა ინიციატივას აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. არადა სამშვილდეს, ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი. ამას ისიც ცხადყოფს, რომ მიუხედავად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, ძეგლი დამთვალიერებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამშვილდის ნაქალაქარი ადგილობრივ თუ საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძთან- თბილისთან სულ რაღაც 80 კილომეტრში მდებარეობს. მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერსპექტივებზე. სამშვილდის პროექტი არამარტო დაგვეხმარება ძეგლის გადარჩენაში, არამედ ხელს შეუწყობს კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას", - ნათქვამია მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026