Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი ჩინეთსა და საქართველოს შორის გადაზიდვების სერვისებს აფართოებს. ამიერიდან, თბილისის მიმართულებით ნაკრები ტვირთების გადაზიდვა რეგულარულად, კვირაში ერთხელ განხორციელდება. აღნიშნული სერვისი საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების ოპტიმალური ალტერნატივაა. იგი უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ ტრანსპორტირებას ჩინეთის მთელი ტერიტორიიდან, ცენტრალური აზიის გავლით თბილისამდე.

სახმელეთო მიმართულება საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით უფრო მოკლე სატრანზიტო დროს სთავაზობს მომხმარებელს, საჰაერო გადაზიდვებთან შედარებით კი მნიშვნელოვნად დაბალ ხარჯებს უზრუნველყოფს.

ახალი მიმართულება იდეალური გადაწყვეტაა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ჩინეთიდან რეგულარულად ახორციელებენ ისეთი პროდუქციის იმპორტს, როგორიცაა ელექტროტექნიკა, სამომხმარებლო საქონელი და მანქანა-დანადგარების ან ავტომობილების სათადარიგო ნაწილები. ტვირთების აღება ხორციელდება მთელი ჩინეთის მასშტაბით, რის შემდეგაც მათი კონსოლიდაცია კომპანიის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრებში — შანხაიში, შენჟენში, სუზოუსა და ურუმჩიში ხორციელდება, კონსოლიდირებული ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრამდე, ხორგოსის საბაჟო პუნქტამდე ხორციელდება საიდანაც თბილისამდე მონაკვეთის სატრანზიტო დრო საშუალოდ 22-25 დღეს შეადგენს.

“მრავალი კომპანია პირველ რიგში ეძებს სტაბილურ სატრანზიტო დროსა და პროგნოზირებად ხარჯებს. ჩვენი ნაკრები ტვირთების სერვისი მომხმარებელს სთავაზობს საიმედო გადაწყვეტას, რომელიც არ არის დამოკიდებული სარკინიგზო განრიგებსა თუ ვაგონების ხელმისაწვდომობაზე.“— აღნიშნავს Gebrüder Weiss-ის გენერალური დირექტორი საქართველოში, ალექსანდრე ხარლამოვი.

ტვირთების დისტრიბუცია მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისის ლოგისტიკური ტერმინალიდან ხდება, რომელიც 2024 წელს უკვე მესამედ გაფართოვდა. ამასთანავე, თბილისიდან შესაძლებელია ტვირთების შემდგომი მიწოდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, რაც სრულ საბაჟო მომსახურებასაც მოიცავს.

ამ ახალი მიმართულებით Gebrüder Weiss-ი აგრძელებს საქმიანობის გაფართოებას ე.წ. „შუა დერეფნის“ ფარგლებში— ეს არის საკვანძო სავაჭრო მარშრუტი, რომელიც ჩინეთსა და ევროპას კავკასიის გავლით აკავშირებს. კომპანიის მიზანია, მზარდ ბაზრებზე მოქმედ ბიზნესებს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მეტი შესაძლებლობა მისცეს. Gebrüder Weiss-ი გლობალური ლოგისტიკური კომპანიაა, რომლის ისტორია ხუთ საუკუნეზე მეტს ითვლის, მსოფლიოს 180 ლოკაციაზეა წარმოდგენილი და ფლობს ფილიალებს საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, თურქეთსა და უზბეკეთში.

https://www.gw-world.com/ge/

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026