ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე - „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების აღსრულების მექანიზმები გაუგებარია - კანონი კონტროლის გარეშე ფარატინა ქაღალდი იქნება, რომელიც არ იმუშავებს

საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, გიორგი თეთრაძის განცხადებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, 1-ელი მარტიდან შესული ცვლილებების აღსრულების მექანიზმები „ჯერჯერობით გაუგებარია“. ამის შესახებ თეთრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი „კონტროლის გარეშე, ჩვეულებრივი ფარატინა ქაღალდი იქნება, რომელიც არ იმუშავებს“.

მან, ასევე, ისაუბრა სფეროში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ უცხოელი გიდები ტურისტებთან საუბრისას საქართველოს „ისტორიას ამახინჯებენ“.

„დღეს უკვე ძალაში შედის ცვლილებები კანონში, რის მიხედვითაც, ტაქსის მძღოლებს, კურიერებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებს ეკრძალებათ საქართველოში მუშაობა. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ პროფესიისთვის ნულოვანი კვოტაა განსაზღვრული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ ხარ საქართველოს მოქალაქე, გიდის პროფესიით ვერ იქნები დაკავებული.

პრობლემა ძალიან დიდი იყო. წლების განმავლობაში, ჩვენი ორგანიზაცია სწორედ ამ საკითხით იყო დაკავებულები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გიდად მუშაობა აკრძალულიყო.

ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ კონკურენციის გვეშინოდა. მარტო ეს არ იყო. ჩვენს სფეროში ძალიან დიდწილად იყვნენ წარმოდგენილები. პროფესიაში არსებული ცარიელი ნიშა უცხოელი გიდებით ივსებოდა, რომლებიც აბსოლუტურად არალეგალურად, ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე, გადასახადების გარეშე საქმიანობდნენ აქ.

ის ყბადაღებული თემა, რომ ისტორიას არასწორად უყვებოდნენ [ტურისტებს], შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამახინჯებენ ისტორიას. განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი გიდები თავის თავზე ჩვენი უნიკალური კულტურის დიდ ნაწილს მიიწერენ.

ძალიან ბევრი უცხოელი გიდი საქართველოს განიხილავდა, როგორც თავის ყოფილ ქვეყანას. ტურისტებსაც ისე უყვებოდნენ, რომ „ეს ჩვენი ტერიტორიაა და დაუბრუნდება თავის სამშობლოს“.

იმისათვის, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ კანონად ფურცელზე, მთავარია მისი აღსრულება და მექანიზმები. ჯერჯერობით, ეს ჩვენთვის გაუგებარია. რამდენჯერმე მეც მივმართე [ჯანდაცვის სამინისტროს] და ზუსტი პასუხი არ მიმიღია. ალბათ, მთავრობას აქვს შემუშავებული რაღაც სქემა, როგორი უნდა იყოს კონტროლის მექანიზმი.

კონტროლის გარეშე ეს კანონი ჩვეულებრივი ფარატინა ქაღალდი იქნება, რომელიც არ იმუშავებს“,- განაცხადა გიორგი თეთრაძემ.

ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.

ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონიერად დასაქმებისთვის, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ელი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. ნებართვის მიღება ფასიანია.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლის ვადით. კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ უცხოელს, სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორისა და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები - 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, მათთვის ვინც უკვე რეგისტრირებულია შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და დასაქმებულია ლეგალურად. მეორე საშეღავათო პერიოდი კი ვრცელდება 2026 წლის 1-ელ მაისამდე და იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს შეეხება, ვინც უკვე ახორციელებს შრომით/სამეწარმეო საქმიანობას საქართველოში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026