ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ირანის ტერიტორიაზე თავდასხმების შედეგად 555 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად გოგონების სკოლაში სულ მცირე 165 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ირანის თავდასხმას ცხრა ადამიანი ქალაქ ბეით-შემეშში ემსხვერპლა, სადაც რაკეტა თავშესაფარს მოხვდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.
ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი პარამილიტარული დაჯგუფების, „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ინფორმაციით, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლის სამიზნეც მათი ერთ-ერთი შტაბ-ბინა იყო, დაჯგუფების ოთხი წევრი დაიღუპა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ქუვეითში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ბაჰრეინის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ სალმანში მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებმა უცხო ქვეყნის გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა.