თეიმურაზ პაპასქირი - ვაშინგტონში ოპოზიციური ძალების ერთად ჩასვლაზე მუშაობა მიდის - აშშ არ დაელაპარაკება სხვადასხვა პარტიას, უნდა იყოს ერთიანი წარმომადგენელი, რომელსაც აშშ ალტერნატივად განიხილავს

ვხედავთ, რომ ტრამპი სიტყვებით პუტინს ყველანაირად ელაქუცება, თავის მეგობრად მოიხსენიებს, თუმცა თანდათანობით აცლის პაიკებს. ტრამპი უბრალოდ არა რუსეთის მოკავშირეებს ანადგურებს, არამედ ჩინეთის მოკავშირეებს ანადგურებს. ვენესუელაც და ირანიც ჩინეთის მთავარი მოკავშირეები იყვნენ რუსეთთან ერთად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ირანი რუსეთისთვის ძალიან სერიოზული დასაყრდენი იყო და უკრაინასთან ომისას მოსკოვს სერიოზული დახმარება გაუწია.

„პრინციპში, ეს პროცესები უკვე მზადდებოდა თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო კვირებში ნათელი გახდა, რომ ისრაელის და აშშ-ის მხრიდან დარტყმა პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. ახლა შეიძლება ცოტა რთული იყოს პროგნოზირება, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტუაციაში მიზანი არის განსხვავებული, ვიდრე ეს იყოს შარშან, ივნისში, როცა ერთადერთი მიზანი იყო გაენადგურებინათ ირანული ბირთვული პროგრამის მთავარი ობიექტები, სადაც იქმნებოდა ირანის ბირთვული იარაღი. ახლა უკვე საუბარი არ არის იმაზე, რომ ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის მიღება, ახლა დღის წესრიგში დადგა, როგორც მინიმუმ, მთავრობის ცვლილება თუ რეჟიმის ცვლილება არა. რეალურად რასაც ვხედავთ, ტრამპს არ აქვს სურვილი, რომ ეს იყოს განგრძობადი ომი, რადგან განგრძობადი საომარი მოქმედებები უკვე ნაღდად ომია და ამ შემთხვევაში, მას კონგრესის ნებართვა სჭირდება. უბრალოდ დაბომბვას ასე თუ ისე, ამერიკის საზოგადოება სხვანაირად ხვდება, თუნდაც ამას მოჰყვეს გარკვეული მსხვერპლი, მაგრამ სახმელეთო ოპერაციებს აშშ ვერ დაიწყებს კონგრესის ნებართვის გარეშე. სახმელეთო ოპერაციის დაწყება ტრამპისთვის იქნება ძალიან მძიმე იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერში არის შუალედური არჩევნები. ამიტომ მან უნდა მიაღწიოს შედეგს რაც შეიძლება მოკლედ და ეფექტურად. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ, რომ პირველივე დღეს იქნა მიღწეული დიდი შედეგი, როდესაც ირანის სამხედრო თუ უბრალოდ მმართველობა, სულიერი ლიდერის და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის აიათოლა ალი ხამენეის სახით იქნა განადგურებული. პრაქტიკულად რამდენიმე საათის განმავლობაში დიდი დარტყმა იქნა მიყენებული. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მოსახლეობის ნაწილში აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებად იქნა აღქმული და გლოვის კადრებიც ვნახეთ, ირანის მოსახლეობის მინიმუმ 2/3-ზე მეტი სინამდვილეში აღფრთოვანებითა და აღტაცებით შეხვდა ხამენეის სიკვდილს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირანის მოსახლეობა სხვა აზრზეა. რეალურად ამ მომენტისთვის, ირანში, დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ძალით უჭირავს პოზიციები და არ გამოხატავს საკუთარი ხალხის აზრს. რთულია პროგნოზირება, თუმცა განგრძობადი ავიადარტყმების პირობებში, რასაკვირველია, მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი, განსხვავებით ივნისისგან.

ახლა რაც ჩვენ ვნახეთ იანვრის დასაწყისში, როცა ათი ათასობით ირანელი იქნა მოკლული ხელისუფლების ქმედებების მიერ, ეს ხელისუფლება და ირანის მოსახლეობა სხვადასხვა მხარეს დგანან. ხამენეიმ ირანი ჩამოაყალიბა ტერორისტულ ქვეყნად, რომელიც ტერორიზმის გამტარი იყო მთელს რეგიონში, არა მარტო საკუთარი ქვეყნის ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში. ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ მე დავასწარი, თორემ ორჯერ სცადეს ჩემი მოკვლა ირანელებმაო. ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი სიტყვებით პუტინს ყველანაირად ელაქუცება, თავის მეგობრად მოიხსენიებს და თანდათანობით აცლის პაიკებს. ტრამპი სინამდვილეში პუტინს ელაქუცება იმისთვის, რომ მას სურს რუსეთი გამოიყენოს ჩინეთის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ არ გამოუვა. აქ, ამ შემთხვევაში, ტრამპი უბრალოდ არა რუსეთის მოკავშირეებს ანადგურებს, არამედ ჩინეთის მოკავშირეებს ანადგურებს. ვენესუელაც და ირანიც ჩინეთის მთავარი მოკავშირეები იყვნენ რუსეთთან ერთად. ეს არის ამ სიტუაციაში ძალიან მძიმე დარტყმა ჩინეთისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა რუსეთისთვის. განსხვავებით ვენესუელისგან, საიდანაც რუსეთს დიდი სარგებელი არ ჰქონდა. ირანი მისთვის ძალიან სერიოზული დასაყრდენი იყო და უკრაინასთან ომის განმავლობაში რუსეთს მან სერიოზული დახმარებაც გაუწია“,- განაცხადა პაპასქირმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მათ შორის უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკოსმა ოპოზიციურ ერთობაზეც ისაუბრა, ასევე, დაადასტურა, რომ ოპოზიციური ძალები, როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, აშშ-ში ვიზიტზე ფიქრობენ.

„ვხედავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში პროცესებს ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს აშშ-ის პოზიცია. ამას ხვდება ყველა, მათ შორის საქართველოშიც. ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ამ ხნის განმავლობაში მოლაპარაკებები ეწარმოებინა აშშ-სთან და როგორმე აღედგინა ის ურთიერთობები, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით აღმოჩნდა ასეთ ცუდ დღეში - შეჩერებულია სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება და ფაქტობრივად აშშ-სთან გვაქვს რთული ურთიერთობები, ვერ ვიტყოდი, რომ კარგი. ეს განპირობებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკით და ვიზიტებით ირანში და ირანთან მჭიდრო მოკავშირეობით. ბუნებრივია, ჩვენი ოპოზიციური ძალებიც მშვენივრად ერკვევიან სიტუაციაში. ზუსტად ამისთვის არის საჭირო ოპოზიციური ერთობა. რასაკვირველია, მიდიოდა მუშაობა [აშშ-ში ოპოზიციური ძალების ერთად ჩასვლასთან დაკავშირებით]. მანამდე ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ზუსტად ის იყო, რომ არ არსებობდა ოპოზიციური ერთიანობა. აშშ არ დაელაპარაკება სხვადასხვა პარტიებს, უნდა იყოს ერთიანი წარმომადგენელი, რომელსაც აშშ განიხილავს ალტერნატივად. აშშ-ს „ქართული ოცნება“ ბუნებრივია არ მოსწონს, მაგრამ ალტერნატივას თუ არ ნახავს, მაშინ შეიძლება მართლაც დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ იქითა მხარეს იმისთანა ქაოსია, ვერავის ველაპარაკებიო...“- განაცხადა პაპასქირმა.

ამასთან, ის აშშ-სთან ურთიერთობების საკითხზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებასაც გამოეხმაურა.

„აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებასთან „ქართულ ოცნებას“ არანაირი ღირებულებითი თანხვედრა არ გააჩნია. ოპოზიციას გაცილებით მეტი ღირებულებითი თანხვედრა აქვს აშშ-თან, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ ოპოზიცია თავისუფალ არჩევნებს უჭერს მხარს, სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს, თანაბარ უფლებებს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი არ აინტერესებს, პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს და ფარისევლობითაა დაკავებული. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნება“ ცდილობს მოერგოს და თავი მოაჩვენოს აშშ-ის ხელისუფლებას, თითქოს ის არის ოჯახური სიმტკიცის სიმბოლო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, მათთვის ოპოზიციური გაერთიანება შემაშფოთებელია. აშშ ხედავს, რომ ხელისუფლებაში არის აშკარად გამოხატული ანტიამერიკული ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის მხოლოდ იმის გამო, რომ გააყალბა არჩევნები და რომელიც მხარს უჭერს ირანს, ჩინეთს“,- განაცხადა პაპასქირმა.

ამასთან, კითხვაზე: ოპოზიციური ძალები, როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივა უნდა დაინახოს, პირველ რიგში, დასავლეთმა თუ ქართველმა ხალხმა, პაპასკირმა უპასუხა, რომ „ქართველ ხალხსაც სურს, ერთობა აჩვენოს ოპოზიციამ“.

„ზუსტად ამისთვის არის საჭირო ერთობა, რომ ერთობის შემთხვევაში ყველა გამოკითხვით და ყველა ადამიანთან საუბრით იოლია იმის დადგება, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს სურს, რომ ერთობა აჩვენოს ოპოზიციამ და თუ ოპოზიცია ამ ერთობას აჩვენებს, შესაბამისად, ქართველი ხალხიც ნახავს ალტერნატივას და დასავლეთიც ნახავს ალტერნატივას. პირველად ვართ ისტორიაში ისეთ სიტუაციაში, როდესაც აქეთ გვეხვეწება ევროპა, რომ ჩვენს მხარეს იყავით და ყველანაირად შეგიწყობთ ხელსო. პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც ანტიევროპულადაა განწყობილი.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ბოლო დროინდელ ვიზიტებს აშშ-ში და ასევე, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს აშშ-ში, დარსალიასა და მდინარაძის ვიზიტების შემდგომ, უცებ საქართველოს ხელისუფლებამ გაანათა ანძა ირანის ფერებში და პლუს ამას იგივე დარსალია ესწრებოდა ირანის საელჩოს მიერ მოწყობილ საზეიმო ღონისძიებას ქართველი ხალხის ირანში ჩასვლის 400 წლისთავთან დაკავშირებით. სინამდვილეში, კი შაჰ-აბასის მიერ ქართველების გადასახლებაზე იყო საუბარი. ამ ღონისძიებას დაესწრო დარსალია.

ყველამ ვიცით, რომ აშშ-ში ეს ღონისძიება მოწყობილია ერთი კონკრეტული კონგრესმენის მიერ. რამდენად იქნება წარმომადგენლობითი ეს შეხვედრები ამას ვნახავთ. ეს კონგრესმენი გამოირჩევა პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობებით და როგორც ჩანს, ამ ნიადაგზე მოახერხეს მასთან საერთო ენის გამონახვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა“, - განაცხადა პაპასქირმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026