მამუკა კაციტაძე - სახეზეა რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანება, რეალურად, ჩვენ ვიღებთ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ - რაც შეეხება „ლელოს“ გადაწყვეტილებას, არჩევნების მთავარი ხიბლი არჩევანის თავისუფლებაშია

ვფიქრობ, ეს არის რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანება და რეალურად, ჩვენ ვიღებთ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ - რაც შეეხება „ლელოს“ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, ჩვენ ოპოზიციურ ველზე ამომრჩეველს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ მომავალი არჩევნების დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია უდანაკარგოდ მოახდინოს.

„მე ვფიქრობ, ეს არის რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანება და რეალურად, ჩვენ ვიღებთ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს, ალბათ, კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არის ბუნებრივი და ორგანული.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უნდა „ლელოს“ ერთი მთლიანი იყოს - მე ვფიქრობ, არჩევნების მთავარი ხიბლი არის არჩევანის თავისუფლებაში და ჩვენ ოპოზიციურ ველზე ამომრჩეველსაც უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ვიღაცას ძალიან არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“, შეიძლება ძალიან არ მოსწონს „ლელო“ ან კიდევ ვიღაც - ერთმანეთის გულისთვის ჩვენ ასეთი ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ და კრებსითად, ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ მომავალი არჩევნების დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის კონსოლიდაცია უდანაკარგოდ მოახდინოს. პრაგმატულადაც სწორია ამ ტიპის გადაწყვეტილება. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და აბსოლუტურად გაანალიზებულად და აწონ-დაწონილად მივიღეთ გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კაციტაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს საბოლოო შეთანხმების მიზნით შეხვედრას გამართავს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები დეკემბრიდან მიმდინარე კონსულტაციების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების დეტალებს საზოგადოებას შეხვედრის შემდეგ გააცნობენ.

რამდენიმე დღის წინ, „ძლიერი საქართველო - ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026