დავით მათიკაშვილი - მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან

იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არასახარბიელო, ორგვაროვანი, ორჭოფული მიდგომები არ შექმნას, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან, - ასეთი არგუმენტით ახსნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მათიკაშვილმა, პირველი მოსმენით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

მისი თქმით, ცვლილება შესაძლებელს გახდის, „მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“. როგორც მათიკაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, 2020 წლის არჩევნებზე დაკვირვების ჭრილში ისეთი მოცემულობა იყო შექმნილი, როცა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მათიკაშვილის განცხადებითვე, ნორმა, რომლის თანახმად, საერთაშორისო საარჩევნო ორგანიზაციის დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს, დამკვირვებლის საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადია.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან, სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან და საბოლოო ჯამში, იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური.

ბუნებრივია, ეს 100%-ით ვერ დააზღვევს იმას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ არჩევნების შეფასებისას მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი არ გამოხატოს, თუმცა წესი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება, ამ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკური მიკერძოებისგან და მდგენელისგან, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ წიაღში იბადება, მეტ-ნაკლებად გათავისუფლებულია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მიმართებით მსგავსი გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს.

პარლამენტში ინიციირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026