ორგანიზებული დანაშაული, წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი მოქმედებები, ჯგუფურობა, ვერცერთი მათგანი სასამართლომ ვერ დაასაბუთა , - ამის შესახებ მსჯავრდებულ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის დროს, "არგუმენტებით ჩანდა, როგორც მართლმსაჯულების ჩარჩოებს მიღმა განხილვა, ისე პოლიტიკური მოტივი, რომელიც მთელი 9 თვის განმავლობაში იგრძნობოდა".
"სიმართლე და ძალა, რომელიც აქვთ სინდისის პატიმრებს, ადვოკატებს ერთი თავით მაღლა გვაყენებს ყოველთვის სასამართლოსთან და პროკურატურასთან მიმართებით.
რაც შეეხება [საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის] გადაწყვეტილების კრიტიკას, ცალსახად სამართლებრივი დასაბუთება, რომელიც გამოტანილია რთულია, რომ ეს დასაბუთებად მივიჩნიოთ, მათ შორის მუხლის გადაკვალიფიცირების ნაწილში, მათ შორის, ბრალის ფორმულირების ნაწილში, რადგან არცერთი გარემოება, რომელიც წესით უნდა დასტურდებოდეს, როგორიც არის - ორგანიზებული დანაშაული, წესრიგის დარღვევა, ძალადობრივი მოქმედებები, ჯგუფურობა, ვერცერთი მათგანი სასამართლომ ვერ დაასაბუთა.
ასევე, სასამართლოს წარვუდგინეთ, თუ რატომ არის კონვენციის დარღვევა, როდესაც შენ უკვე გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მუხლს აკვალიფიცირებ და რეალურად, იმ მუხლის ფარგლებში, რასთან დაკავშირებითაც მთელი 9 თვის განმავლობაში ადვოკატები პირს იცავდნენ, გაამართლებ, რატომ უნდა იყოს ადამიანი ციხეში?
ჩვენი არგუმენტებით ჩანდა, როგორც მართლმსაჯულების ჩარჩოებს მიღმა განხილვა, ისე პოლიტიკური მოტივი, რომელიც მთელი 9 თვის განმავლობაში იგრძნობოდა.
არცერთი ობიექტური მტკიცებულება არ აქვს პროკურატურას მოტანილი, მოწმეები რატომ არიან მხოლოდ სამართალდამცავები, რატომ არ არის მობილური ტელეფონები საქმეში, რომელიც პირველივე დღეს ამოიღო გამოძიებამ, რაზეც მთავარი გამომძიებელი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა მთავარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კავშირი ორგანიზატორებთან.
ასევე, რაც მთავარია, როდესაც ამბობ, რომ დანაშაული არის ორგანიზებული და აცხადებ კაძელაშვილი, კასრაძე და ცეცხლაძე არიან ორგანიზატორებიო, როგორ შეიძლება 29 ნოემბერს ანდრო ჭიჭინაძის მოქმედება დააორგანიზოს 30 ნოემბერს განხორციელებულმა
მოქმედებამ, ან 4 დეკემბერს გამოქვეყნებულმა რაიმე სახის ვიდეომ",- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყა წარმოთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.