ირანის მიწაზე ჯარის შეყვანას არ აპირებენ, ამის არც ლეგიტიმაცია აქვს დონალდ ტრამპს და არც სამხედრო ძალების მობილიზება ჩანს. ისედაც უზარმაზარი ქვეყანაა და ამან შეიძლება კატასტროფული შედეგები მოიტანოს. სამხედრო მიზნების მიღწევა, რაც დასახულია, მინიმალური დანაკარგით თუ მოხერხდა, უკვე წარმატებაა, ამას თუ მოჰყვება ირანში რეჟიმის შეცვლა, ეს იქნება ბონუსი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ლოლაძემ აღნიშნა, ირანი ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე იერიშის მიტანას გააგრძელებს, თუმცა, შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალოს.
„უნდა დავაკვირდეთ [მოვლენების განვითარებას] შეიძლება, „ჰუსიტები“ ჩაერთნენ რაღაც ფორმით და ჩაძირვა ან დატყვევება სცადონ გემების, რომლებიც იემენის სანაპიროებთან გადაადგილდება. ჰორმუზის სრუტეში შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს, ტანკერების გაჩერება ან ჩაძირვა, თუმცა იქ კერძო კომპანიები დროებით მიმოსვლას შეწყვეტენ.
გაგრძელდება ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ისრაელზე. შეიძლება, ტაქტიკა შეცვალონ.
შეცვლილ ახლო აღმოსავლეთზეც უნდა ვისაუბროთ - უნიკალური ვითარებაა, როდესაც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი, ისრაელი და იორდანია საერო მოწინააღმდეგის რაკეტებს იგერიებს. ირანელებზე არცერთი არ გიჟდებოდა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ყოველთვის უფრთხოდნენ. სწორედ იმიტომ უფრთხოდნენ, რომ თავად არ აღმოჩენილიყვნენ სამიზნე.
საინტერესო მასალა ჰქონდა The Washington Post-ს, რომელმაც აღნიშნა, რომ საჯარო რიტორიკის მიღმა, საუდის არაბეთის რეალური მმართველი და მემკვიდრე პრინცი ბინ სალმანი ტრამპს მოუწოდებდა, რომ წასულიყო რეჟიმის შეცვლაზე და ეს ომი დაეწყო, რაც ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ საჯაროდ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკამ იმიტომ არ დაიწყო ომი, რომ ამ ქვეყნებმა ამერიკას სთხოვეს, თავი შეეკავებინა, რადგან თვითონ აღმოჩნდებოდნენ სამიზნე, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ იმდენად სუსტია დღეს ეს რეჟიმი, ჯობია საქმე ბოლომდე მივიდეს და ეს შესაძლებლობა გამოიყენონ“, - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.