ნუგზარ წიკლაური - ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა ყოფილიყო, საქართველოს ხომ არავინ სთხოვდა ამ ომში ჩართვას, ეს თვით „ქართულმა ოცნებამაც“ ვერ თქვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ირანის მიმართ სიმბოლური მხარდაჭერა არ უნდა გამოეხატა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, ირანში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ქვეყნის ანძა ირანის ფერებში არ უნდა განათებულიყო.

„შენი ქვეყნის ანძა ირანის ფერებში კი არ უნდა გაანათო, რომელსაც 40 000-მდე ადამიანი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ჰყავს მოკლული. მხარდაჭერა ასეთი სახით არ უნდა გამოუცხადო. ვითომდა ეს იყო სიმბოლურად. როდესაც ასეთი ამბები ხდება, როდესაც სისასტიკესთან გვაქვს საქმე, ჩამოხრჩობასთან, დახვრეტასთან - მინიმუმ ქვეყნის ხელისუფლება ამას არ უნდა ახალისებდეს“,- განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა.

„ამიტომ, სრულიად მკაფიო პოლიტიკური პოზიცია უნდა ყოფილიყო. საქართველოს ხომ არავინ სთხოვდა ამ ომში ჩართვას, შეიარაღებული ძალების გაგზავნას, ეს თვით „ქართულმა ოცნებამაც“ ვერ თქვა. პოზიცია არ დაფიქსირებულა, რაც მეტყველებს არა მხოლოდ იმაზე, რომ დღეს საქართველოში ანტი-ცივილიზაციური რეჟიმია, არამედ მეტყველებს იმაზე, რომ ის მოქმედებს რუსეთის დაკვეთით და მას არ გააჩნია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საჭირო, არც ინსტრუმენტები,არც პოლიტიკური ნება, რომ ეს გამოხატოს“,- განაცხადა წიკლაურმა.

მისი შეფასებით, ირანი რეგიონში მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა. წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბოლო პერიოდში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონებს იყენებდა, რის შედეგადაც, მისი თქმით, ათასობით ადამიანი დაიღუპა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა დღეს უკვე არის საკუთარი ხალხის ჯალათი. დახვრეტილი ადამიანების რიცხვად 36 ათას ადამიანს ასახელებენ. ეს საუკეთესოდ მეტყველებს იმაზე თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საკუთარი ხალხის მიმართ, როგორი სისასტიკით გაუსწორდა მათ, ვისაც განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ეს არ არის ახალი ამბავი, მმართველობის 46 წლის განმავლობაში, როდესაც აიათოლა ალი ხამენეი 1979 წლის შემდეგ, ისლამური რევოლუციის შემდეგ ჩავიდა, ირანში ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პარტიები გაცამტვერებულია.

მეორე მხარეს არის ის, რომ ის არის მუდმივი დესტაბილიზატორი, როგორც რეგიონში. ასევე, როგორც ბოლო პერიოდში ვნახეთ, რუსეთი აღჭურვილი იყო ირანელი „შაჰედების“. როდესაც თავისუფლებისათვის მებრძოლ უკრაინას ბომბავდა. იქაც ათასობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს“,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, წიკლაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვინ არის ომის ინიციატორი. მისი განცხადებით, სწორედ ირანი წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და ბოლო მოვლენებმა, მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ახლა არის ცივილიზაციის არჩევანის დრო. შეუძლებელია ადამიანებისთვის არ იყოს უმძიმესი ომის შედეგები. როდესაც იწყება ასეთი მასშტაბური ომი, არის მსხვერპლი, იქ არიან დაღუპული ბავშვები, ქალები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ინგრევა შენობები. შეუძლებელია არ გქონდეს ჰუმანური შეგრძნებები, რაც მოსდევს ამ ომს. მეორე საკითხია, ის თუ ვინ არის ომის დამწყები. სწორედ, ირანი იყო დესტაბილიზატორი, ეს ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- განაცხადა წიკლაურმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026