ისრაელის ელჩი საქართველოში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

ისრაელის ელჩი საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ საელჩოდან მიაწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, ვალიდ აბუ ჰაიამ გუშინ განაცხადა, რომ ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდა.

„ახლა რამდენიმე ათასი ისრაელელი იმყოფება საქართველოში, მათ მოსწონთ აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, ძალიან შეშფოთებულები არიან იმით, რაც მათ სამშობლოში ხდება, მაგრამ ახლა ისრაელის ცა დაკეტილია და როცა ფრენები აღდგება, ჩვენ მათზე ვიზრუნებთ, ისრაელში არიან საქართველოს მოქალაქეები და მინდა, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთ, არამედ ყველას ვინც ისრაელშია. ჩვენ ვეკონტაქტებით თელ-ავივში საქართველოს საელჩოს და მათაც აქვთ კომუნიკაცია იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. თუ რაიმე დასჭირდებათ, ისინი დახმარებას მაქსიმალურად მიიღებენ. განვითარებული მოვლენების ფონზე, მაქვს სურვილი, შევხვდე ოფიციალურ პირებს საქართველოს მთავრობიდან “, - აცხადებდა საქართველოში ისრაელის ელჩი.

ამასთან, გუშინ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს“.

„საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს“,- აღნიშნული იყო განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს