დღეს ოპოზიცია აჩვენებს ერთიანობას, ახლა უნდა აჩვენოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს სექტორული სანქციების მოთხოვნა დიქტატურის წინააღმდეგ, მათ შორის კომპეტენტური მხილება ივანიშვილის დახმარების რუსეთისადმი და ირანისადმი, სანქციების გვერდის ავლაში. ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „რეჟიმის ჩამოშლისთვის“ აუცილებელი წინაპირობაა შემოსავლის ის წყაროების მოკეტვა, რასაც სჭირდება „სექტორული დასავლური ეკონომიკური სანქციები“.
„ისტორია ძალიან აჩქარდა და საქართველოც ვეღარ დარჩება დაპაუზებულ მდგომარეობაში. თუ ჩვენ გვინდა დასავლეთი დაგვეხმაროს, თუნდაც მეტი სანქციებით ან წინააღმდეგობის მოძრაობის ყოველმხრივი მხარდაჭერით, ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ ერთიანობა და ძალა. დღეს ოპოზიცია აჩვენებს ერთიანობას, ახლა უნდა აჩვენოს ძალა და ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს სექტორული სანქციების მოთხოვნა დიქტატურის წინააღმდეგ, მათ შორის კომპეტენტური მხილება ივანიშვილის დახმარების რუსეთისადმი და ირანისადმი, სანქციების გვერდის ავლაში და ამის კომპეტენცია ოპოზიციას ნამდვილად აქვს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა ბოლო წლებში ბოლომდე აიღო თავზე ხელი და გაგიჟდა, არის უკრაინელების სისხლით და ირანელების უბედურებით მოპოვებული უდიდესი ფული. ეს შეგვიძლია თვალნათლივ ვნახოთ რუსული მშენებლობებით თბილისში და ბათუმში, ასევე, ათასობით ახალ დარეგისტრირებული ირანული ფორმის სახით. „არაბული ქალაქებიც“ გათვლილია მთლიანად რუს და ირანელ მყიდველებზე, შესაბამისად რეჟიმის ჩამოშლისთვის აუცილებელი წინაპირობაა შემოსავლის ამ წყაროების მოკეტვა, რასაც სჭირდება სექტორული დასავლური ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ამის გაკეთება შეუძლებელია ქართულ ბანკებზე სანქციების დაწესების გარეშე.
ის არგუმენტი, რომ ფართო ეკონომიკური სანქციები ხალხსაც დააზიანებს, სრული სისულელეა იმიტომ, რომ ხალხი და ქვეყანა დაღუპვისკენ მიდის ამ რეჟიმის არსებობით. ეს იგივეა, რომ კიბოს არ უმკურნალო, აქაოდა ქიმიოთერაპია ორგანიზმს აზიანებსო, როცა კიბო კლავს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინაიდან საქართველოში თითქმის აღარაა დასავლური ფული და „ინვესტიციები“, მხოლოდ რუსული ან ირანულია. ამიტომ, დასავლეთისთვის სანქციების შემოღება პრობლემას არ წარმოადგენს, ახლა მთავარია მას დავუსაბუთოთ ამ სანქციების აუცილებლობა. ცალკე რომ გამოვყოთ ტრამპის დამოკიდებულება, ივანიშვილი რასაც უკეთებს, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ეზიზღება ტრამპს - playing games - სწორედ ივანიშვილი ეთამაშება მთელი ეს დრო თამაშებს ამერიკელებს - რუბიოს გზავნილის მიღებაზე, მერე ჯერ შვეიცარიული ბანკის ფულის დაბრუნება მოითხოვა და სანქციების მოხსნა.
ახლა მზადაა ამაზე უარი თქვას, თუ ამერიკა არ მოსთხოვს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკის შეცვლას, ყველაფერს ამას ჰქვია თამაშები. ფაქტი სახეზეა, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენს ფართო რეგიონში სერიოზულად არ ელაპარაკება და ვისაც ამერიკა არ ელაპარაკება და ვინც ამერიკას Games ეთამაშება, როგორც წესი ძალიან ცუდად ამთავრებს, განსაკუთრებით ტრამპის პირობებში“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.