კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე მუსკატში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თბილისში კერძო რეისით უფასოდ დაბრუნებას სთავაზობს. ამის შესახებ ლაშა კვაჭაძე სოციალურ ქსელში წერს.
„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:
მოგესალმებით მეგობრებო,
დღეს, 3 მარტს, 1600 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 - კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23:30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს, 14:00 საათამდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე +995 577 38 50 65) და უსასყიდლოთ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.
ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც ავღნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.
ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში.
ყველას მშვიდობას გისურვებთ!“ - წერს ლაშა კვაჭაძე.