საქართველოში ირანის ელჩი - ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩათვალო და მარტივად აღიქვა, რომ შეიძლება ძალიან მალე ომით დააჩოქო - ტრამპი აღმოჩნდა დაუსრულებელ ომში

ირანს ომი არ დაუწყია. როგორც 2025 წლის ზაფხულში, ისე 2026 წლის ზამთარში ჩვენ ვიყავით ჩართული მოლაპარაკების პროცესში და უცებ აღმოვჩნდით თავდასხმის ობიექტი , - ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მსოფლიოს მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეგიონის მასშტაბით არსებული მყიფე ვითარების სწორი შეფასება არ აქვს.

„ისეთ დროს, როდესაც კვლავ გრძელდება უკრაინის ომი, რეალისტური შეფასების არარსებობამ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. საზღვაო გადაზიდვები შეფერხებულია, ლათინურ ამერიკაში ადგილი აქვს პოლიტიკურ კრიზისებს, დაწყებულია ერთგვარი ტარიფების ომი მსოფლიო ეკონომიკაში და ასეთ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აფეთქება ერთგვარ დომინოს პრინციპს გამოიწვევს და შეიძლება ძალიან ბევრ რეგიონს მოედოს. თავდასხმიდან უკვე ერთი საათის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავდაცვითი ნაბიჯები გადადგა. ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და გაეროს ქარტიით. საომარი ოპერაციების დაწყებისთანავე მქონდა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში. მე საგარეოშიც განვაცხადე, რომ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები, ჩვენი შეიარაღება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც ერთ საათში მოვახდინოთ ჩვენი ძალების მობილიზება და დავიცვათ ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს და არანაირი სურვილიც არ გვაქვს, რომ შევქმნათ ბირთვული იარაღი, არც იმის გვეშინია, რა შეიძლება მოჰყვეს ამერიკის ნებისმიერი ბაზის განადგურებას ჩვენ მიერ რეგიონის რომელიმე ქვეყანაში. როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ბომბდამშენები ქუვეითიდან იღებდნენ სტარტს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის ადგილი დაგვებომბა. ამერიკამ ბოროტად გამოიყენა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ. ჩვენი თავდასხმების ობიექტს არ წარმოადგენს მეზობელი ქვეყნები, არამედ ამ მეზობელ ქვეყნებში განლაგებული ამერიკის სამხედრო ბაზები, ლოჯისტიკური ცენტრები და დაზვერვის ობიექტები. ირანი არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება სუსტად ჩათვალო და მარტივად აღიქვა, რომ ირანი შეიძლება ძალიან მალე ომით დააჩოქო. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ და პირველ რიგში, ვიცავთ ჩვენს ტერიტორიას, მიწა- წყალს და ღირსებას. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე და მტერი არის ჩვენს ფარგლებს გარეთ. ირანის კიდევ ერთი მტერი არის ისრაელი, რომელმაც ამერიკა ჩაითრია ამ ომში და საკმაოდ დიდ ხარჯებში ჩააგდო ამერიკის გადასახადის გადამხდელები. ისრაელის რეჟიმი, რომელმაც ღაზაში 50 ათასზე მეტ მშვიდობიან მოსახლეს ქალს თუ ბავშვს მოუსწრაფა სიცოცხლე. გუშინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩვენ ომი დავიწყეთ ისეთ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ახალი შიიზმისა და სუნიზმის დაბადებას და ეს უკვე რელიგიური ომის მომასწავებელია. შეიძლება ტრამპისთვის სამი - ოთხი კვირა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ ჩვენთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტრამპი აღმოჩნდა დაუსრულებელ ომში და საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ამით მსოფლიო ეკონომიკას. როდესაც ეს ომი დასრულდება, საკმაოდ დიდ ცვლილებას გამოიწვევს მსოფლიო გეოპოლიტიკაში. მე, როგორც ჩემი ქვეყნის წარმომადგენელს, მიმაჩნია, რომ უნდა იქნას გარკვეული გზები და მექანიზმები მოფიქრებული, რომ კატასტროფის მასშტაბები არ გაიზარდოს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა ირანის ელჩმა.

ამასთან, როგორც ელჩმა რადიაციული საფრთხეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ საკითხით ირანიც შეშფოთებულია და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ საომარი ოპერაციები დასრულდეს.

„ბუნებრივია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეალურად აღელვებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა სამხედრო ოპერაციების შედეგად მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა. ბუნებრივია, ამით ჩვენც შეშფოთებულები ვართ. შესაბამისად, სამწუხაროდ, ადრე ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევებს, რომ სააგენტოს ინსპექტორები, რომლებიც შემოდიოდნენ ირანში, ფაქტობრივად, იყვნენ ისრაელისა და ამერიკის აგენტები და მათ ინფორმაცია გაჰქონდა ამერიკასა და ისრაელში და ახლა თუ დავრწმუნდებით, რომ რეალურად ისინი მოავლენენ ინსპექტორებს და არ მოხდება ინფორმაციების გადაცემა ისრაელის ან ამერიკისთვის, შესაძლებელი იქნება, რომ ეს ინსპექტორები დავუშვათ ამ ობიექტებზე. გარდა ამისა, ავიარეისებიც აღარ არის და ამ ექსპერტების ჩამოყვანა მარტივი არ იქნება, ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია ამ საომარი ოპერაციების დასრულება“, - განაცხადა ირანის ელჩმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს