„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ოპოზიციური ერთიანობა აუცილებელი იყო როგორც პოლიტიკური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით.
როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც „ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ინსტიტუციები და ფინანსური რესურსები“, ფრაგმენტაციას ერთობა სჯობს, ხოლო საბოლოო შედეგი ოპოზიციის მოქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
„გაერთიანება გაერთიანებისთვის ნამდვილად არ არის. ამ ეტაპზე ისეთი პოლიტიკური მოცემულობა იყო, რომ საჭირო იყო გაერთიანება, იმიტომ, რომ ამას ხალხიც ელოდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმის მიერ გააქტიურებული რეპრესიების პირობებზე, ადამიანური და ტექნიკური კუთხითაც მნიშვნელოვანია ასეთი ერთობა. ამასთან, როდესაც აქციაზე ერთად დგახართ, როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ერთი სტრატეგიული ხაზი გაქვს , რა თქმა უნდა, სჯობს ერთიანი იყო, როდესაც რეჟიმს მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუცია, ყველა ფინანსური რესურსი - ასეთ დროს ფრაგმენტაციას ნამდვილად სჯობია ერთობა. შედეგი დაიდება თუ არა ჩვენზეა დამოკიდებული და არა სხვაზე“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ შემდგომი ნაბიჯები მოიცავს კონკრეტული აქციების ორგანიზებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
„შემდგომი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკრეტული აქციები, შეხვედრები საზოგადოების ჯგუფის წარმომადგენლებთან. როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების ჯგუფებზე, ისინიც გააქტიურებულები არიან. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაც. მაღალი დონის ვიზიტებიც იგეგმება”,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი შეფასებით, დღეს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს შორის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ. ფავლენიშვილის თქმით, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს.
„დღეს, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში მთავარ ღერძს წარმოადგენს ის ხალხი, რომელიც რუსთაველზე დგას. რუსთაველზე მდგომი ხალხი არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი. სხვა ადამიანები, შეიძლება ოპოზიციურად არიან განწყობილები, მაგრამ არიან პასიურები. რუსთაველზე მდგომი საზოგადოება ქმნის ამინდს და ამ ადამიანების დაკვეთის შესრულება არის მნიშვნელოვანი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია „ლელოსთვის“ არსებული გაერთიანების კარი ღიაა. მისი თქმით, მათი მონაწილეობა თავად „ლელოს“ გადასაწყვეტია და არ გამორიცხა, რომ მათაც გაუჩნდეთ სურვილი მიმდინარე წინააღმდეგობაში ჩართვის.
„როდესაც ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ მივაღწიოთ თავისუფალ არჩევნებს. ამ დროს ჩვენ, რომ რაღაც საარჩევნო ერთობა შევქმნათ, არაადეკვატური იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ლელოსაც“ ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ერთობა არის რეალური პოლიტიკური მოცემულობა. მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. რჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება ამ ხალხს მოუნდეს ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობა, ჩვენი კარი მათთვის ღიაა",- განაცხადა ფავლენიშვილმა.