ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იიმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს განუცხადა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვან იიმ ისრაელელ კოლეგას სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ „ძალის გამოყენებით პრობლემების მოგვარება შეუძლებელია“.
„ძალა ხშირად ახალ პრობლემებს ქმნის და გრძელვადიან შედეგებს ტოვებს. სამხედრო ძლიერების ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის თავიდან აცილებაშია“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ვან იის თქმით, ჩინეთი მზადაა ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს.