თუ ირანში ნორმალური რეჟიმი დამყარდა და სანქციები აღარ იქნება, ეს ჩვენი პორტების განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
ირაკლი მელაშვილის თქმით, ირანში „რეჟიმის ცვლილებამ“ შეიძლება ჩვენთან ვაჭრობა გაასამმაგოს.
„ირანში თუ რეჟიმი შეიცვალა ჩვენთვის ძალიან სერიოზული რამ იხსნება, პირველ რიგში, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ჩვენ გვექნება ნავთობპროდუქტების ალტერნატიული წყარო. ინდოეთი წლებია მუშაობს იდეაზე - საქართველოს პორტების მეშვეობით მისი ეკონომიკური კავშირი ევროპასთან. არაბული ქვეყნების გავლით სთავაზობენ ამის გაკეთებას, მაგრამ მაინც და მაინც ეს არ სურთ, ალტერნატივა უნდათ, რომ ჰქონდეთ საქართველოდან. ინდოეთმა და ევროკავშირმა ახლა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. ეს ორი უზარმაზარი ბაზარია და ეს გადის ირანზე.
თუ ირანში ნორმალური რეჟიმი დამყარდა და სანქციები აღარ იქნა, ეს ჩვენი პორტების განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენთან ვაჭრობის განვითარებისათვის, ასევე გარკვეული ბალანსებისთვის თურქულენოვან სამყაროსთან. ბალანსი ყველასთან უნდა გქონდეს, არ უნდა იყო ერთ მხარეზე ჩამოკიდებული. ბევრი მიმართულებით მომგებიანია საქართველოსთვის თუ ირანში რეჟიმი შეიცვალა, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისითაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც. რეგიონში რუსეთს სამი დასაყრდენი ჰქონდა, სომხეთი ამოვარდა ამ ფორმატიდან, მისიანი არ არის. ირანიც თუ ამოვარდა, ეს ფორმატიც წამგებიანი გახდება“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.