გიორგი ტუმასიანი - ირანში რეჟიმის ცვლილების მიზანი მიღწევადია, თუმცა სერიოზული საფრთხეებიცაა - ჩინეთმაც და რუსეთმაც განცხადებების მიღმა არაფერი გააკეთეს, საუბარია მათ მოკავშირეზე, ანტიდასავლური ბანაკის შინაარსი ნადგურდება

დრონებით დარტყმა არის სუფთა რუსული სტილი, ამ „შაჰედებს“ რუსეთი იყენებს უკრაინაში და სტილით იგივეა, როდესაც ირანი სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ეს რეჟიმი შინაარსით ტერორისტულია და ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონოდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ტუმასიანის შეფასებით, ირანში რეჟიმის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა, ამის პარალელურად, არსებობს რისკები, რომელიც რეჟიმის მხარდამჭერებისგან მომდინარეობს.

„ეს ოპერაცია იყო გარდაუვალი, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. რეალურად, რეჟიმი მიდიოდა ბირთვული იარაღის წარმოების მიმართულებით და ნამდვილად ამზადებდა ბალისტიკური რაკეტების უფრო დიდ მარაგებს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რეჟიმი ბალისტიკური რაკეტებით რას აკეთებს მთელ რეგიონში, პრაქტიკულად, ათზე მეტ ქვეყანას დაესხა თავს, მათ შორის, კვიპროსსაც კი დაარტყა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით.

დრონებით დარტყმა არის სუფთა რუსული სტილი, ამ "შაჰედებს" რუსეთი იყენებს უკრაინაში და სტილით იგივეა, როდესაც სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ეს რეჟიმი შინაარსით ტერორისტულია და ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ რეჟიმს ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ნებისმიერი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ისრაელს დაეცა, ბირთვული მდგენელით რომ ყოფილიყო, ეს პრაქტიკულად, ბირთვული ომის დაწყება იქნებოდა და ამიტომაც, რადგან რეჟიმი ამ მიმართულებით მიდიოდა, როდესაც შარშან 12-დღიანი ომის დროს ნათელი გახდა, რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება ამით შეიძლება, მაგრამ დასრულება არა, იმიტომ, რომ რეჟიმი, როგორც კი ომი წყდება, ეგრევე იწყებს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამის აღდგენას, სწორედ ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

აგერ, დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ დარტყმები არის განხორციელებული ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, სხვა ბირთვული ობიექტებიც სამიზნეები იქნება, თუმცა ახლა უკვე პირდაპირ დასახულია რეჟიმის ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანი არის მიღწევადი, თუმცა, პარალელურად არის სერიოზული საფრთხეებიც.

თუ ირანის ტერიტორიაზე, როგორც სირიაში, ბევრი სხვადასხვა კერა შეიქმნება, მაშინ ჩვენ დესტაბილიზაციის სხვა რისკები გვექნება. ბევრია ჩვეულებრივი იარაღი, ბევრია ფანატიკურად განწყობილი ადამიანი, ბევრია შესაძლებლობა შიდა დაპირისპირების, ბევრია რისკი საერთაშორისო ტერორიზმის. ცდილობენ იმის წარმოჩენას, რომ შიიტების წინააღმდეგ არის ეს ომი, სინამდვილეში კი არის რადიკალური ხედვის წინააღმდეგ, მაგრამ თავისი არსით შეეცდებიან, რომ ტერორისტული ტალღები გააგრძელონ“, - განაცხადა ტუმასიანმა.

მისივე თქმით, ირანის რეჟიმის განადგურების პარალელურად, უკრაინის შეიარაღება იზრდება, იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. ტუმასიანმა ამ კონტექსტში პარალელი გაავლო საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომზე, სადაც რუსეთი ერთხელ უკვე დამარცხდა.

„საინტერესო ის არის, რომ ჩინეთმაც და რუსეთმაც განცხადებების მიღმა არაფერი გააკეთეს, არადა, საუბარია მათ მესამე მოკავშირეზე, ამაზე მეტი მოკავშირე არც ჩინეთს და არც რუსეთს არ ჰყავს, ვენესუელა და კუბა იყო მერე, ვენესუელა დაკარგეს და კუბასაც დაკარგავენ. ავტორიტარული ბანაკის, ანტიამერიკული და ანტიდასავლური ბანაკის შინაარსი ქრება, ნადგურდება და ირანი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რჩება უკრაინის საკმაოდ შეიარაღება იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. რუსეთის დამარცხება არის ავღანეთის სცენარის გამეორება, საბჭოთა კავშირის ბედის გამეორება გარკვეულწილად. ეს რეალურად, ანგრევს ამ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც მოაწყვეს“, - განაცხადა ტუმასიანმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს