საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის დასაცავად, - ინფორმაციას საუდის არაბეთის პრესის სააგენტო (SPA) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ სხდომაზე განიხილა რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მათი გავლენა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.
„მინისტრთა კაბინეტმა დაადასტურა, რომ საუდის არაბეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უსაფრთხოებისა და ტერიტორიის, მოქალაქეებისა და მოსახლეობის დასაცავად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საუდის არაბეთის მთავრობის კაბინეტმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას, მოახდინოს ყველა შესაძლებლობის მობილიზება მოკავშირე ქვეყნების მხარდასაჭერად.
„მინისტრთა კაბინეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საუდის არაბეთის სრული სოლიდარობა მოძმე ქვეყნების მიმართ, რომელთა ტერიტორიებიც ირანის აგრესიის მსხვერპლი გახდა. მან ხაზი გაუსვა სამეფოს მზადყოფნას, მოახდინოს ყველა შესაძლებლობის მობილიზება, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს ნებისმიერ ზომაში, რომელსაც ისინი მიიღებენ ამ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მინისტრთა კაბინეტის სხდომას მემკვიდრე პრინცი და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი ხელმძღვანელობდა.