„საქსტატი“ - თებერვალში ინფლაციამ 0.2% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2026 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (5.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი); სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (17.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (0.8 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.7 პროცენტი); სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-2.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.1 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (1.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის ფორმირებას, მასზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფებზე.

„სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (23.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.3 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი); სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (57.8 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4 პროცენტი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს